სომხეთი-თურქეთი

სომხეთთან საზღვარს გავხსნით, ბაქოსთან მოლაპარაკების პროგრესის შემთხვევაში - ფიდანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დადებითად დასრულების შემთხვევაში, თურქეთი სომხეთთან საზღვარს გახსნის. ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah ავრცელებს

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ [მოლაპარაკებები] დადებითად დასრულდება. მოქმედებები ამ მიმართულებით მიმდინარეობს. თუ [მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება], დადებით სცენარს განვახორციელებთ. სხვა სიტყვებით, შეგვეძლება, [სომხეთთან] საზღვრის გახსნა". - Sabah-ზე დაყრდნობით, თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ცნობისთვის, 30 ივლისს თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ალიჯან-მარგარას საზღვართან დაკავშირებით მეხუთე შეხვედრა გამართეს. როგორც თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების მიზანი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებაა. 

მხარეებმა ასევე აკიაკა-ახურიკის საზღვრის გადასასვლელის გახსნისთვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნები განიხილეს. ქვეყნები დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტის მფლობელთათვის სავიზო პროცედურის გამარტივებაზეც შეთანხმდნენ. 

ანკარამ დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები ერევანთან 1993 წელს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერის ნიშნად გაწყვიტა. 

მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდა, NATO-ს წევრი თურქეთი ცდილობდა, სომხეთთან თავისი ისტორიულად დაძაბული ურთიერთობები აღედგინა, თუმცა ბევრჯერ განუცხადებია, რომ ნებისმიერი ნორმალიზება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული. 

კომენტარები