ახალის, გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას საარჩევნო ერთობა, კოალიცია ცვლილებისთვის სასამართლოს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლო კლანმა კონსტიტუცია დაარღვია და პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება მიითვისა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევით შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლო კლანმა დაარღვია ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებამოსილება.
მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად შესასრულებელი 9 დათქმა ითვალისწინებს სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას, "ქართული ოცნება" მორიგ ჯერზე მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებით დგამს ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით შემუშავებული "ქართული ქარტია" ითვალისწინებს სასამართლო სისტემის, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმას. როგორც აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმომწერები, ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დავრჩებით შეთანხმების ერთგულები, შევცვლით ამ მანკიერ სისტემას და სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გავათავისუფლებთ". - წერია კოალიციის განცხადებაში.
გუშინ, 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. 22 ივლისის განჩინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მ. კ.-ს შუამდგომლობა.