საპროკურორო საბჭო პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატად გენერალური პროკურორის მოქმედ მოადგილეს, გიორგი გაბიტაშვილს წარუდგენს.
საბჭომ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გზით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 11-მა წევრმა მიიღო, ყველა მათგანმა ხმა გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.
გიორგი გაბიტაშვილმა კარიერა 2007 წელს, საქართველოს პროკურატურაში, სტაჟირების პროგრამით დაიწყო. სტაჟირების დასრულებისთანავე ის დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც ის საქმიანობდა 2013 წლამდე.
2013 წლის 14 იანვრიდან გიორგი გაბიტაშვილმა პროფესიული საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
2013 წლის 13 ივნისიდან დღემდე გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი - გუშინ, 10 ივლისს შეარჩია.





