გენერალური პროკურორი

გადაწყდა "ზემოთ, უფალთან" – ლალი ბუნტური გენერალური პროკურორობის 3 კანდიდატში ვერ მოხვდა

საპროკურორო საბჭოს ცნობით, კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია, მათ შორის ვერ მოხვდა ლალი ბუნტური, რომელმაც კანდიდატთა შესარჩევ პროცესზე განაცხადა, რომ კომისიის გადასაწყვეტი არ იყო, გახდებოდა თუ არა ის გენერალური პროკურორი, რადგან "ეს წყდება ზემოთ, უფალთან".

დღეს, 10 ივლისს, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა. კენჭისყრით სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.

საბჭოს ინფორმაციით, კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა;
  • დავით ბარბაქაძე - ერთი ხმა;
  • ლალი ბუნტური - 0 ხმა;
  • დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა;
  • გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა;
  • ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა;
  • ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.

"კომისიის გადასაწყვეტი არ არის, მე გავხდები თუ არა გენერალური პროკურორი - ეს წყდება ზემოთ, უფალთან. მათაც ავუხსენი, თქვენ არ ხართ ის ხალხი, რომელიც აირჩევს გენერალურ პროკურორს - ეს ღმერთი ირჩევს, ჩემს ქვეყანას ვინ უკეთესად წაადგება, მე, თქვენ თუ ის კანდიდატი, რომელსაც ღმერთი აირჩევს ქვეყნის გადასარჩენად". - თქვა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ლალი ბუნტურმა 6 ივლისს.

იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური გენერალური პროკურორობის კანდიდატად მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება "საქართველომ" წარადგინა.

კომენტარები