EU-საქართველო

ევროპულმა საბჭომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

EEAS

27 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში მითითებულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებით უკუსვლას  წარმოადგენს. 

"ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს." - წერია ევროპული საბჭოს დასკვნაში. 

ევროპული საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების და აქტივისტების მიმართ დაშინების, მუქარის და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევები. ტექსტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, არსებითია იმ პრინციპების და ღირებულებების პატივისცემა, რასაც ევროკავშირი ეფუძნება. 

ამას გარდა, ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება. 

"ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ საპარლამენტო არჩევნები ამ შემოდგომაზე იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს პარტნიორების მხრიდან არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან სიღრმისეულ დაკვირვებას. საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს." - ნათქვამია დასკვნაში. 

ევროპული საბჭო დასკვნის ბოლოს ადასტურებს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მზაობას, განაგრძოს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა მისი ევროპული მომავლის გზაზე. 

კომენტარები