არჩევნები 2024

გახსენით უბნები ემიგრანტებისთვის! ნუ გვპარავთ ხმას! - გირჩი-დროა 1 ივლისს აქციას აანონსებს

პარტიები გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა 1 ივლისს, 12 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ - ამის შესახებ დღეს, 25 ივნისს, დროას წევრმა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროა გუნდმა შვიდი თვის წინ დაიწყო კამპანია, რომელიც ეძღვნებოდა საარჩევნო უბნების გახსნას მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი ემიგრანტებისთვის.

საქართველოდან, არსებული ინფორმაციით, გასულია 1 მილიონ მოქალაქეზე მეტი. ჩვენ ამ კამპანიის ფარგლებში, მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა მივიღეთ ჩვენი ემიგრანტებისგან. 90-ზე მეტ ქალაქში, ათობით ქვეყანაში გროვდება ხელმოწერები და მსოფლიოს 35 ქალაქიდან შევიდა ოფიციალური მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რათა გაეხსნათ მათთვის უბნები.

სამწუხაროდ, ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხიც არ გაუცია და არავითარი მოქმედება არ დაუწყია. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით მოქმედ ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ჩვენ მოქალაქეებს მოჰპარონ ხმა და წაართვან კონსტიტუციით განსაზღვრული მათი უფლება

ამიტომ, ჩვენ, გირჩში მეტი თავისუფლება და დროას გუნდმა გადავწყვიტეთ, პირველ ივლისს, 12:00-ზე, გავაკეთოთ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ლეონიძის ქუჩაზე, რათა მოვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას, რომ გახსნას უბნები". - თქვა პეტრიაშვილმა. 

კომენტარები