რუსული რეჟიმი

იონათამიშვილმა განმარტა, რამდენი იქნება ჯარიმები ანტი-ლგბტ კანონის დარღვევის შემთხვევაში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იმ ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობაზე ისაუბრა, რასაც ანტი-ლგბტ კანონი მასში წარმოდგენილი სხვადასხვა პუნქტის ნაწილის დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს.

"რაც შეეხება პასუხისგების ნაწილს. მაგალითად, რეკლამის გავრცელების შემთხვევაში, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში დარეგულირდება და ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 800 ლარი იქნება, იურიდიულის პირის შემთხვევაში კი 2 500 ლარი. 

არასრულწლოვნისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 3 000-ით.

ასევე, ჯარიმა დაწესდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოპულარიზაციის, პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. აქ საუბარია საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებზე. ფიზიკური პირი 1 500 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი 4 000 ლარით". - თქვა იონათამიშვილმა პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს.

დღეს, 20 ივნისს, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტებმა ლგბტ უფლებების შემზღუდველ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ" კანონპროექტს 1-ლი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

დღესვე, კანონპროექტს 1-ლი მოსმენით წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც განიხილავენ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.

კომენტარები