საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" კანონის პაკეტი წარადგინა. პაპუაშვილის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს დღეს, 4 ივნისს დააინიცირებს.
"ერთი თვის განმავლობაში კომისიამ ჩაატარა 11 შეხვედრა, მოვიცავით ყველა რეგიონი, შევხვდით 5 ათასამდე ჩვენს მოქალაქეს და გვქონდა დისკუსიები ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით და მოვისმინეთ ჩვენი მოსახლეობის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. კომისიამ თავისი მუშაობა დაასრულა 17 მაისს და იცით, რომ ამ დღეს გაიმართა დიდი სახალხო შეკრება, რომელიც ეხებოდა ოჯახური სიწმინდის დაცვის დღესასწაულს. ფაქტობრივად, ამ დღეს შედგა სახალხო რეფერენდუმი და ჩვენ ვნახეთ ათი ათასობით ადამიანი, რომელიც გამოსული იყო რეგიონებში, 100 ათასობით ადამიანი გამოსული იყო თბილისში და ოჯახის სიწმინდის დღეს, ფაქტობრივად, შედგა სახალხო რეფერენდუმი თავად კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით და ვნახეთ ხალხის მხარდაჭერა.
კომისიამ ყველა მასალა გადასცა იურიდიულ საქმეთა კომიტეტს, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს, იქნება საკომიტეტო განხილვა და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვა. იცით, რომ სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა - ¾ კონსტიტუციურ ცვლილებას. ვნახოთ, როგორ მოიქცევა ოპოზიცია. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისინი ერთის მხრივ ვერ აფიქსირებენ თავის პოზიციას, რადგან იციან რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამავე დროს, გამომდინარე იმისა, რომ ისინი ყოველთვის იყურებიან გარეთ და ელოდებიან სიგნალს, აქაც თავს იკავებენ პოზიციის დასახელებისგან.
[...]დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც შედგება ერთი ძირითადი პაკეტისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონებში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. გაგაცნობთ ძირითად ასპექტებს თუ რა იქნება მოწესრიგებული 19 კანონისგან შემდგარი პაკეტით.
პირველი საკითხი - ქორწინების საკითხი, როგორც იცით კონსტიტუციით 2017 წელს მოწესრიგდა ეს საკითხი, როგორც კავშირი ქალს და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა გვესმის სხვადასხვა საუბრები, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნას შემოღებული, ამიტომ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება.
მეორე საკითხი - შვილად აყვანის საკითხი. აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, ვინც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, მათ შორის მარტოხელა ადამიანებზეც.
მესამე საკითხი - სქესის შეცვლის ოპერაცია. აკრძალული იქნება პირისათვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.
მეოთხე საკითხი - აკრძალული იქნება სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
მეხუთე საკითხი - დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
მეექვსე საკითხი - ინფორმაციის გავრცელების საკითხი. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, მნიშვნელოვანია აქ ის დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება, ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.
მეშვიდე საკითხი - შეკრების და მანიფესტაციის საკითხი. დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული არის ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
მერვე საკითხი - შრომითი ურთიერთობების საკითხი. ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური საკითხის უგულებელყოფისკენ.
ეს არის ის 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება ამ 19 კანონის მეშვეობით, გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში [ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] და შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმე დღედ". - თქვა პაპუაშვილმა.
29 თებერვალს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება აპირებს, შეიმუშავოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს."





