მიგრანტების კრიზისი

იტალიის სანაპიროსთან ორი ნავის ჩაძირვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი დაკარგულია

იტალიის სამხრეთ სანაპიროსთან მიგრანტების ორი ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 60 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულია. ორგანიზაცია ექიმები საზღვრებს გარეშეს (Médecins Sans Frontières) ცნობით, დაკარგულებს შორის 26 ბავშვია.

გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ RESQSHIP დაზიანებული ხის ნავიდან 51 ადამიანის ამოყვანა შეძლო და კუნძულ ლამპედუზასთან ახლოს 10 ადამიანის გვამი იპოვა.

ორგანიზაციის ცნობით, გადარჩენილი მიგრანტები ნაპირზე გაიყვანეს და იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურს გადასცეს.

პარალელურად, ამავე დღეს მომხდარ კიდევ ერთი ნავის ჩაძირვის შედეგად, 60-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა, მათ შორის, 26 ბავშვი.

გაეროს ცნობით, მიგრანტებით დატვირთული ნავები ლიბიისა და თურქეთის სანაპიროებიდან დაიძრნენ. მათივე ინფორმაციით, ლიბიიდან დაძრულ ნავს მიგრანტები სირიიდან, ეგვიპტიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან გადაჰყავდა.

გაეროს მონაცემებით, 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა წყლებში 23 500-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ან დაიკარგა.

კომენტარები