რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: აშშ მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მეორად სანქციების გააფართოებს

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანი, ჯანეტ იელენი

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ცნობით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მეორად სანქციების გააფართოებს. სანქციების მასშტაბური გაფართოების შედეგად ნებისმიერი უცხოური ფინანსური ინსტიტუტის მიერ სანქცირებულ რუსულ ეკონომიკურ ობიექტთან ტრანზაქციების განხორციელება განიხილება, როგორც პირდაპირ კრემლის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან თანამშროლობა.

ეს ნაბიჯი გააფართოებს თეთრი სახლის მიერ დეკემბერში გაცემულ ბრძანებას, რომელიც სახაზინო დეპარტამენტს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებზე მეორადი სანქციების გამოყენების უფლებას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ისინი მოქმედებდნენ იმ 1 200 ეკონომიკური ობიექტიდან ნებისმიერის სასარგებლოდ, რომელსაც აშშ-ს მთავრობა რუსეთის თავდაცვის სექტორის ნაწილად მიიჩნევს.

ამ კვირაში დაგეგმილი ცვლილების შედეგად რუსეთის თავდაცვის სექტორის სასარგებლოდ მოქმედი ეკონომიკური ობიექტების რაოდენობა 4 500-ს გაცდება და მოიცავს თითქმის ყველა რუსულ ობიექტს, რომელიც უკვე სანქცირებულია, იმ შემთხვევაშიც კი თუ სანქციის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის პირდაპირი მხარდაჭერა არ იყო. მათ შორის, Sberbank-სა და VTB-ს, რომლებიც რუსეთის უმსხვილესი კრედიტორები არიან.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მეორადი სანქციების გაფართოება ასახავს აშშ-ს ხედვას, რომლის მიხედვითაც კრემლმა რუსეთი ომის ეკონომიკად გარდაქმნა.

აშშ-ს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ აღმასრულებელი ბრძანების შედეგად მესამე ქვეყნებში ბანკები მაღალი რისკის მქონე რუს კლიენტებთან ურთიერთობას ერიდებიან.

გამოცემა წერს, რომ მეორადი სანქციების გაფართოებით, აშშ დარტყმას მიაყენებს სხვა ქვეყნების ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებენ – განსაკუთრებით კი ჩინეთს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლს დაუახლოვდა.

კომენტარები