რუსული კანონი

ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა, საუბარია სერიოზულ პოლიტიკურ შედეგებზე – მილერი საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ენტონი ბლინკენის განცხადება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე არ არის მხოლოდ რიტორიკა და საკითხი რეალურ პოლიტიკურ შედეგებს, მათ შორის, ფულადი დახმარების გადახედვას, პოტენციურ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ეხება.

"ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვის შესახებ ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ, იმ კანონის გათვალისწინებით, რომელიც საქართველომ მიიღო... ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა, საკითხი ეხება რეალურ, სერიოზულ პოლიტიკურ შედეგებს.

საუბარია დახმარებაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს. დაახლოებით 390 მილიონზე, რომელიც გასული წლების ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და ახლა განხილვის პროცესშია. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვებზე, რაც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ გამოვაცხადეთ პოლიტიკად. ახლა ვსწავლობთ, განვახორციელოთ თუ არა, ან როგორ და როდის განვახორციელოთ ის. ასე რომ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ, უფრო მეტს მოისმენთ ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით

[...]

[ურთიერთობების] გადახედვა სახელმწიფო მდივანმა დააანონსა. მას ახორციელებენ სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები მუდმივი უწყებათაშორისი კონსულტაციებით. მდივანი გადაწყვეტილებას იმავე კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღებს". - თქვა მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვების პასუხად.

შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილის რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. იმავე განცხადებაში ბლინკენმა აღნიშნა, რომ იწყებს "შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას".

3 ივნისს მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს შეშფოთებებს რუსულ კანონთან დაკავშირებით და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის ქცევები აშშ-სთან ურთიერთობას სახეს ძირეულად უცვლის. სპიკერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი საპასუხო ნაბიჯებს კვლავ განიხილავს.

კომენტარები