ოფშორების კანონი დღეიდან, 4 მაისიდან ძალაში შევიდა. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა. კანონი საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა.
პრეზიდენტმა ოფშორების კანონს ვეტო 3 მაისს დაადო, ხოლო 29 მაისს კენჭისყრაზე 64-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ კი, ივანიშვილის 83-მა დეპუტატმა კანონის თავდაპირველი ვერსიის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.
პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებში აღნიშნავდა, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია და არ შეიძლება იქნეს მიღებული დაჩქარებული წესით (განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე) - შესაბამისად, ის ფორმა, როგორც და რანაირადაც იქნა განხილული კანონი, მიუღებელი და დაუშვებელია.
წაიკითხეთ ვრცლად კანონის მიმოხილვა: ივანიშვილზე დაჩქარებულად მორგებული ოფშორების კანონი: სანქციების შიში?
ოფშორების კანონით საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.





