ირანი

ირანში ისტორიაში პირველად პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დაარეგისტრირეს

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ქალი კანდიდატი, ზოჰრეჰ ელაჰიანი

ირანში ყოფილი პარლამენტარი ზოჰრეჰ ელაჰიანი 28 ივნისის ვადამდელ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა, რითაც იგი პირველი ქალი გახდა, რომელიც კონსტიტუციის გუშაგთა საბჭომ პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა.

ირანის პარლამენტში თანამდებობა 2008-12 და 2020-24 წლებში ეკავა და ასევე პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრიც იყო. იგი ქვეყანაში მტკიცე ხაზის პოლიტიკის გატარებას ემხრობა და მხარს უჭერს ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს.

პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ელაჰიანმა საკუთარი სლოგანი "ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საზოგადოება" გამოაცხადა და პირობა დადო, რომ კორუფციას დაუპირისპირდება.

მარტის თვეში, კანადამ ელაჰიანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ვინაიდან იგი სიკვდილით დასჯას ემხრობოდა იმ დემონსტრანტებისთვის, რომლებიც მოძრაობა "ქალი, სიცოცხლე, მშვიდობის" ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობდნენ.

აქამდე, ირანის "გუშაგთა საბჭო" ქალებს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების კონსტიტუციის ერთ-ერთი მუხლის საბაბით არ აძლევდა. 115-ე მუხლის მიხედვით, კანდიდატები პოლიტიკური ან რელიგიური "rijal-ის" წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

Rijal-ი არაბულ ენაში მამრობითი სქესის არსებითი სახელია, რაც "კაცებს" ნიშნავს. შესაბამისად, გუშაგთა საბჭოს ინტერპრეტაციით, ქალი კანდიდატები აღნიშნულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდნენ. თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკოსისა და კონსტიტუციის ექსპერტის ინტერპრეტაციით, rijal-ი "ადამიანს" ან "ფიგურას" გულისხმობს.

კომენტარები