1 ივნისის ღამეს რუსეთი თავს დაესხა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში, კიროვოგრადსა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს თქმით, თავდასხმით გამოწვეულ ზიანს ამ დრომდე სწავლობენ, ინჟინრები კი დაზიანებული ობიექტების შეკეთებას ცდილობენ.
ამასთან, უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგეტიკულმა კომპანიამ, DTEK-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ორი თბოელექტროსადგური "სერიოზულადაა დაზიანებული".
"უკრაინის ენერგოსექტორისთვის კიდევ ერთი უკიდურესად მძიმე ღამე, მტერმა ჩვენს ორ თბოელექტროსადგურს შეუტია.
ტექნიკა სერიოზულად დაზიანდა.
ეს უკვე მეექვსე ფართომასშტაბიანი თავდასხმაა DTEK-ის თბოელექტროსადგურებზე ბოლო ორთვე-ნახევრის განმავლობაში". - წერს კომპანია გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას ექვსი Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენით შეუტია. თავდასხმისას რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 53 რაკეტაც და Shahed-ის ტიპის 47 დრონი. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ შეძლეს 35 რაკეტისა და 46 დრონის ჩამოგდება.
ვინიცის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგიი ბორზოვის თქმით, ერთ-ერთი ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევებმა ვინიცაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გამოიწვია.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა ივანო-ფრანკოვის ოლქში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეც.
1 ივნისის ღამეს რუსეთი თავს დაესხა ხარკოვის ოლქსაც, სადაც ნოვობავარსკის რაიონში განხორციელებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა.





