რუსული კანონი

POSTV-მ ვიტალი გუგუჩიას ოჯახს სამეგრელოში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა

პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გადამღებ ჯგუფთან ერთად მოქალაქე ვიტალი გუგუჩიასა და მის ოჯახს სამეგრელოში სახლში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. გუგუჩია მოქალაქეა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მისი მაღაზიიდან ფორთოხლის სროლისთვის ბოდიში მოუხადა და რუსულ კანონზე ელაპარაკა. 

სოციალურ ქსელში ვიდეოს მოქალაქე მირანდა ჯობავა ავრცელებს.

"ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით". - ასე უპასუხა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატ ჯაფარიძეს, რომელიც მასთან ბოდიშის მოხდის მიზნით მივიდა - "თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი".

მანამდე, 28 მაისს რუსული კანონის ხმის მიცემის შემდეგ, რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირი მანქანაში მსხდარ დეპუტატებს აგინებდა, რა დროსაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტის ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.

ამავე დღეს, 28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.

კომენტარები