რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს

Thibault Camus/Pool via REUTERS/File Photo

Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთმა შესაძლოა სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში უახლოეს მომავალში გაგზავნოს.

სააგენტო წერს, რომ ზოგიერთი მოკავშირის უკმაყოფილებისა და რუსეთის კრიტიკის მიუხედავად, საფრანგეთმა თავისი გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ კვირას, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გამოაცხადოს.

როგორც Reuters-ი წერს, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ზოგი წარმომადგენელი მსგავს ნაბიჯს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის გამოწვევის საშიშროებად აღიქვამს, ოფიციალური პარიზი იმედოვნებს, რომ საფრანგეთი სათავეში ჩაუდგება იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მზად არიან უკრაინას მსგავსი დახმარება გაუწიოს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთში 6 ივნისს ჩავა. ვიზიტის მეორე დღეს უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება. ზელენსკიმ ორშაბათს, 27 მაისს, თქვა, რომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ფრანგ ინსტრუქტორებს მისცემს საშუალებას, უკრაინულ სამხედრო სასწავლო ცენტრებში უახლოეს მომავალში ჩავიდნენ.

Reuters-ის დიპლომატიური წყაროების თქმით, თავდაპირველად, იგეგმება ლიმიტირებული რაოდენობის ინსტრუქტორების გაგზავნა. ტრენინგის მთავარი ნაწილი კონცენტრირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის გამართულ ფუნქციონირებაზე და სამხედრო თვითმფრინავების ტექნიკურ ინსპექტირებაზე. სააგენტოს ცნობით, პარიზი ასევე დააფინანსებს, გაწვრთნის და შეაიარაღებს უკრაინელ მოტორიზებულ ბრიგადა.

ომის დაწყების დღიდან, საფრანგეთმა დაახლოებით 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნაში მიიღო მონაწილეობა. აქამდე ყველა ქმედება ევროკავშირის ერთობლივი დახმარების ფარგლებში მიმდინარეობდა, დაგეგმილი ინიციატივა კი NATO-სა და ევროკავშირისგან დამოუკიდებლად იქნება განხორციელებული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა რამდენჯერმე ახსენეს. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ საუბარი იყო ინსტრუქტორებზე, რომლებიც უკრაინელებს გაწვრთნიდნენ, და არა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისთვის განკუთვნილ პერსონალზე. ამ რიტორიკამ რუსეთის უკმაყოფილება და მუქარა გამოიწვია.

კომენტარები