რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა ჯერ კიდევ მუშავდება – საფრანგეთის არმია

ფრანგი სამხედროები
 AFP / WOJTEK RADWANSKI

AFP-ს ცნობით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროში ამბობენ, რომ უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნა სამხედრო პერსონალის მოსამზადებლად ჯერ კიდევ მუშავდება.

აქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანრ სირსკიმ თქვა, რომ საფრანგეთი მზადაა ქვეყანაში გაგზავნოს საკუთარი სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაში უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე ჩაერთვებიან. მისივე ცნობით, ინსტრუქტორების პირველი წარმომადგენლები ქვეყანაში მალე ჩავლენ, რათა გაეცნონ სასწავლო ცენტრების შესაძლებლობებს.

საფრანგეთის თავდაცვის უწყების კომენტარში ნათქვამია, რომ უკრაინაში სამხედრო მომზადების ჩატარება არის "ერთ-ერთი სფერო, რომელიც განიხილებოდა" უკრაინის მხარდამჭერი კონფერენციის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თებერვლის ბოლოს მოიწვია.

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი მაისის შუა რიცხვებში წერდა, რომ NATO-ს ზოგიერთი ქვეყანა არასაჯაროდ განიხილავენ უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის შესაძლებლობას ან უკრაინის ტერიტორიაზე.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლობლობა რამდენჯერმე ახსენეს. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ საუბარი იყო ინსტრუქტორებზე, რომლებიც უკრაინელებს გაწვრთნიდნენ, და არა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისთვის განკუთვნილ პერსონალზე. ამ რიტორიკამ რუსეთის უკმაყოფილება და მუქარა გამოიწვია.

კომენტარები