რუსული კანონი

EU-ს სანქციები საქართველოს წინააღმდეგ შეიძლება სასარგებლო იყოს – დუმის დეპუტატი

AP

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ვიცეპრემიერი, ანდრეი ლუგოვოი ირწმუნება, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება სასარგებლო შეიძლება იყოს.

"ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი იყოს, რამდენადაც ეს ქართველ ერს მიახვედრებს, რომ დასავლეთი მისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ჩამორთმევას ცდილობს". - თქვა ლუგოვოიმ.

ლუგოვოი ხელისუფლების რიტორიკას იმეორებს და ირწმუნება, რომ ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანონი "უცხოეთის აგენტების" მიმართ უფრო "ლმობიერია", ვიდრე მსგავსი კანონები სხვა ქვეყნებში. 

"თუ წერა-კითხვის მცოდნე, განათლებული ადამიანები ამას ვერ ხედავენ, ესე იგი, დიდი ალბათობით, ანგლო-საქსების წაქეზებით მოქმედებენ. საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტია". - თქვა ლუგოვოიმ. 

დუმის დეპუტატმა დასავლური სახელმწიფოები საქართველოსთვის "არამეგობრულ ქვეყნებად" მოიხსენია და აღნიშნა, რომ რუსებს უყვართ "ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო და ქართული ღირსშესანიშნაობები". 

"რუსებს ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო, ქართული ღირსშესანიშნაობები უყვართ და გარდა ამისა, საერთო მართლმადიდებლური რელიგია გვაერთიანებს. ახლა ქართველებს შეეძლებათ, შეადარონ, როგორ იქცევა უკანასკნელ წლებში რუსეთი და როგორ იქცევიან ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეები მათ და მათი სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას დაინახავენ". - თქვა ლუგოვოიმ.

კომენტარები