გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის თქმით, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს მიიღებს, მაშინ ის საქართველოსთვის ნათელი მომავლის რაიმე შანსს ვერ ხედავს. ამის შესახებ როთმა თბილისში, ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები ვართ. მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი ევროპის გულშია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. თუმცა, ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, გთხოვთ, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. თუ მთავრობა ამ კანონს არ გაიწვევს, მე საქართველოსთვის ნათელი მომავლის რაიმე შანსს ვერ ვხედავ.
ჩემი მადლიერება მიმართულია იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ.ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია". - თქვა როთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, როთმა თქვა, რომ თუ მთავრობა რუსულ კანონს მიიღებს, წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
"ამ კანონით მე ვერ ვხედავ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს. ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიოა". - ამბობს როთი,
როთთან და ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ, კომენტარები ოპოზიციის წევრებმაც გააკეთეს.
პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ევროპელი პარტნიორების შეფასებით, რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საბოტაჟის მცდელობაა.
"ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა ითვალთმაქცოს, გზავნილი ძალიან პირდაპირია, რომ ამ კანონის მიღება საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის ყოველგვარ შანსს გამორიცხავს [...] მათ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად იხილონ, მაგრამ ამისთვის ჩვენ იმ ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა ვიმოქმედოთ, რაც ევროკავშირშია [...] ჩვენი ევროპელი მეგობრები ამას [რუსულ კანონს] პირდაპირ აფასებენ, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საბოტაჟის მცდელობას". - თქვა ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ თუ ოცნება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს დაკარგავს.
"შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ თუ ეს კანონპროექტი კანონად გადაიქცევა, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება. ასევე, არჩევნების ლეგიტიმურობას ძალიან დიდი საფრთხე შეექმნება, რადგან ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები ვერ დარეგისტრირდებიან, იმიტომ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ქართული ოცნება მათ ამის საშუალებას არ მისცემს". - ამბობს დეკანოიძე.
შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.
"მათ აღნიშნეს, რომ ქართულ ოცნებას არცერთ პოლიტიკურ პარტიაში სანდო პარტნიორის რეპუტაცია არ აქვს". - განაცხადა კორძაიამ.
დღეს, 13 მაისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, სხდომის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 14 მაისს ჩატარდება, სადაც კანონის საბოლოო, მესამე მოსმენა გაიმართება.





