რუსული კანონი

მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის – USAID-ის ხელმძღვანელი რუსულ კანონზე

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი
Getty Images

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის თქმით, ევროპაში რუსული კანონის მსგავსი კანონების ადგილი არ არის.

ამის შესახებ პაუერმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამართული მოსმენისას, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.

სენატორი შაჰინი: ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას სიახლემ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გაამკაცრებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რუსეთის მსგავსად. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, რა შედეგები შეიძლება დადგეს აშშ-ს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში?

სამანტა პაუერი: ვნახეთ, როგორ ჩნდება რუსეთის უცხოური აგენტების კანონპროექტის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილას. შედეგი არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ნამდვილად, საქართველომ, რომელიც ახლა ადგას გზას ან ცდილობს იპოვოს გზა ევროპისკენ, მიიღო გარკვეული დაგვიანებული აღიარება და ამ ამბიციის მხარდაჭერა. 

ფუნდამენტურად, უცხოური აგენტების შესახებ მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები არა მხოლოდ აღიარებული, დაცულიც უნდა იყოს.

სენატორი შაჰინი: მადლობა. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს მხარი დაუჭიროს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს, რაც არის ევროპისკენ სვლა და უფლებები, რომლებიც სრულ დემოკრატიას სდევს თან.

ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კომენტარები მოჰყვა.

აშშ-ს სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას საერთო განცხადებით 4 აპრილს გამოეხმაურნენ. მათი თქმით, რუსული კანონი შეაფერხებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას. 

"ძალიან გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ საქართველოს მთავრობა აბრუნებს უცხოეთის აგენტების კანონს. ეს კიდევ უფრო დაყოფს ქვეყანას. ის ჰგავს იმ კანონებს, რომელსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად და პოლიტიკური ოპოზიციის დასახშობად იყენებს" - ნათქვამია სენატორების საერთო განცხადებაში.

რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას უკვე 4-ჯერ გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომლის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის თქმით კანონი საქართველოს ევროპულ გზას აშორებს. მისივე თქმით, აშშ-ს შეშფოთება ქართულ ოცნებას ნათლად აუხსნეს.

ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანიც.

დანიგანის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-სთან ერთად ასევე შეშფოთებულია ევროკავშირი, NATO, გაერო და ევროპის ინდივიდუალური სახელმწიფოები და ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.


ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები