რუსული კანონი

კიდევ ერთხელ, რას გულისხმობს რუსული კანონი

რუსული კანონი

კიდევ ერთხელ, რას გულისხმობს რუსული კანონი

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

ეს ქმედება ირონიული იყო, მაგრამ მოსალოდნელიც. მიუხედავად არაერთდღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ყველა საერთაშორისო მეგობრის კრიტიკისა, ოცნების ლიდერები ინიციატივის პრობლემად და მათ შეცდომად მაშინაც მხოლოდ სიტყვა "აგენტის" გამოყენებას მიიჩნევდნენ.

ამგვარად, პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელშიც თითქმის აბსოლუტური სიზუსტითაა გადმოტანილი ტექსტი 2023 წელს უკან გაწვეული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტიდან.

ოცნება კვლავ ამტკიცებს, რომ კანონპროექტი მხოლოდ ცნებების განმარტებას და საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. თუმცა, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, მათი მიზანიც ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლა და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებაა - იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში. 

კანონით სურთ უცხო ინტერესის გამტარებელი უწოდონ მათ, ვინც სინამდვილეში სწორედ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, თუმცა ოცნების ხელისუფლების მიერვე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მხარდაჭერის მიღება პარტნიორებისგან სჭირდებათ.

ვისი მიჩნევა სურთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად

ქართული ოცნების ძველით ახალი კანონპროექტში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში მოსახვედრად კრიტერიუმები კვლავ იგივეა. ოცნებას შეეძლება ამ რეესტრში შეიყვანოს ნებისმიერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა

ხელისუფლებას შეეძლება უცხოურ ძალად მიიჩნიოს თითქმის ყველანაირი ორგანიზაცია ან გაერთიანება, კერძოდ: უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ისეთი ორგანიზაცია (ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

ფართო კრიტერიუმის მიღმა, რომლის მორგებაც თითქმის ყველა არაკომერციულ ორგანიზაციაზეა შესაძლებელი, ოცნება დაწვრილებით გამოყოფს პუნქტებს მედიების შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიუხედავად მუდმივი შევიწროებისა, იქნება სარეკლამო შემოსავლების რეგულირებით, თუ მაუწყებლობის შესახებ შემზღუდველი კანონებით, ხელისუფლება უდიდეს საფრთხეს სწორედ თავისუფალი მედიისგან გრძნობს. ამიტომაც, ოცნებას სურს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ მედიად მოიხსენიებოდეს:

  • მაუწყებელი, რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (გარდა სარეკლამო შემოსავლისა);
  • იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (გარდა სარეკლამო შემოსავლისა);
  • იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ 2 ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (გარდა სარეკლამო შემოსავლისა).

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების მიხედვით დააკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებული იქნება, იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობითი განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თავად მოითხოვოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება.

ორგანიზაცია ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად საფინანსო დეკლარაციაცაა, ასახოს განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ადგილსამყოფლის მისამართი, ვებგვერდის მისამართი, ინფორმაცია წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს 25 000-ლარიან ჯარიმას. წარდგენისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოუფხვრელობის გამო ორგანიზაცია 10 000 ლარით დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში კი 20 000 ლარით. კანონპროექტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან, შესაბამისად, ორგანიზაციას რეგისტრაცია კვლავ მოუწევს.

რუსული კანონის პროექტში, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე ჩადებულია დასმენის მექანიზმიც. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაიწყოს საკითხის სათანადო კვლევა და მონიტორინგი, ხოლო ამის საფუძველი შეიძლება გახდეს როგორც მაღალჩინოსნის გადაწყვეტილება, ისე სამინისტროსთვის წარდგენილი ნებისმიერი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს "სათანადო მინიშნებას".

რას ცვლის ხელისუფლებისთვის რუსული კანონი?

სახელმწიფოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებულ ნებისმიერ ორგანიზაციაზე ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია. საჯარო რეესტრის ბაზაში სრულადაა აღრიცხული ყველა ორგანიზაციის მისამართი, საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია მმართველების შესახებ და სხვა. ორგანიზაციები ისედაც ვალდებულები არიან შეავსონ და წარადგინონ თვიური და წლიური დეკლარაციები. ამ დოკუმენტებში აღირიცხება ინფორმაცია თანამშრომლების რაოდენობის, ანაზღაურების, ორგანიზაციის ქონებისა და სხვა დეტალების შესახებ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს წვდომა საერთაშორისო დონორებისგან მიღებული ფინანსური ტრანზაქციების შესახებ მონაცემებზე.

ეს ნიშნავს, რომ უცხოურ დონორებთან დაკავშირებული და ლეგალურად მოქმედი ყველა ქართული ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ახალი ივანიშვილის ხელისუფლების ინიციატივის მიზანიც სწორედ მისი რუსული ანალოგის მსგავსია - უცხოური პარტნიორების ბოროტების წყაროდ წარმოჩენა და კრიტიკული მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დემონიზება.

კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსთან ერთად საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციასაც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობის ხელშეწყობას გულისხმობს. ევროკავშირი ინიციატივაში გამჭვირვალობის სახელით სამოქალაქო სექტორის შეზღუდვის ინსტრუმენტის შექმნის მცდელობას ხედავს.

შესაძლოა, ქართული ოცნება ამჟამად ამტკიცებს, რომ კანონი არ შეზღუდავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას, თუმცა ეს დროებითი ჩანაწერია. 

მიუხედავად იმისა, რომ ოცნების ლიდერები რუსულ კანონზე არ საუბრობენ და განმარტებით ბარათშიც მხოლოდ კვლავ ამერიკულ, ავსტრალიურ ან ისრაელის  ანალოგებს უსვამენ ხაზს, კანონის სახელის ხსენებისას შარშანაც და წელსაც მოქალაქეთა უმრავლესობასაც და საერთაშორისო პარტნიორებასც სწორედ ოკუპანტი მეზობლის მიერ ათწლეულის წლის წინ მიღებული კანონი და მისი საშუალებით შექმნილი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი გაახსენდა.

2012 წელს რუსეთში ამ კანონის მიღება რეპრესიული კანონმდებლობის სერიის დაწყებად მიიჩნეოდა, რომელიც მიემართებოდა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, აქტივისტებს, მედიასა და მთავრობასთან დაპირისპირებულ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ სუბიექტებს. წლების განმავლობაში უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ მკაცრდება. დღეს რუსეთში ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ ადამიანსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად კრიტერიუმებისა, ხოლო უცხოურ აგენტად რეგისტრირება შუბლზე სამიზნის დახატვის ტოლფასია.

ოცნების ინიციატივას ბევრი არაფერი აქვს საერთო არც ამერიკულ, ავსტრალიურ ან სხვა დასავლურ კანონებთან. 

დღეს უცხოურ აგენტებზე ამერიკული აქტის (FARA) აქცენტი პროპაგანდიდან ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკურ ლობირებაზეა გადატანილი. განსხვავებით რუსული, უნგრული ან ქართული კანონებისგან ამერიკულ აქტში უცხოური გავლენის აგენტობა არ არის მიბმული შემოსავლების რაოდენობაზე და აქ მტკიცების ტვირთი მთავრობაზეა. FARA ქვეყნის ეროვნული თავდაცვისთვის არსებითად მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაციების აგენტად რეგისტრაციას კრძალავს, ქართილი ოცნება კი სწორედ ამას ცდილობს. დღემდე FARA-ს რეესტრში არცერთი ადგილობრივი მედია არაა შეყვანილი და მას ამ სფეროში მხოლოდ ისეთი პროპაგანდისტული წყაროების წინააღმდეგ იყენებენ, როგორიცაა რუსული RT და სხვა. აშშ-ში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია იღებს უცხოურ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ სახელმწიფო მათ არ სთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად, რადგან ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკურ ლობიზმთან დაკავშირებული არ არის.

ქართულ ოცნებას ასევე ხშირად მოჰყავს არგუმენტად EU-ში ინიცირებული პროექტი ინტერესთა ჯგუფების გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც ევროკავშირის FARA-საც უწოდებენ, თუმცა არგუმენტი აქაც შეუსაბამოა. აქტი შეეხება ორგანიზაციებს და სუბიექტებს, რომელთა მიზანი ბლოკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაა და არაწევრი სახელმწიფოფებიდან ფინანსდებიან. დასავლურ პრაქტიკაში მსგავსი კანონმდებლობის მიზანი პოლიტიკურ ლობიზმში გამჭვირვალობის გაზრდაა, ბრიუსელის დერეფნებში კი ლობისტური ჯგუფები გადაწყვეტილებების მიღების ყოველდღიურ პროცესში არიან ჩართულები. ამასთან, ევროკავშირის მიზანია შექმნილიყო ნეიტრალური რეესტრი, განსხვავებით ოცნების მიზნებისა, რომელსაც ახალი სტრუქტურის იუსტიციის სამინისტროსთვის დაქვემდებარება და ამით კრიტიკული ძალების შეზღუდვა სურს. 

ვრცლად რეპრესიულ რუსულ კანონსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე წაიკითხეთ სტატია: რატომ არ არის ოცნების კანონი ამერიკული და არის რუსული

კომენტარები