დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელ კაცი: თუ ირანი თავისი ტერიტორიიდან დაგვარტყამს, მათზე იერიშს მივიტანთ

ისრაელი კაცი  

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანენ, ისრაელი საპასუხოდ ირანის ტერიტორიას დაარტყამს.

"თუ ირანი იერიშს მოიტანს საკუთარი ტერიტორიიდან, ისრაელი იმოქმედებს და ირანს დაარტყამს." – წერს კაცი X-ზე.

კაცი გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიტყვებს, რომელიც ისრაელს კიდევ ერთხელ დაემუქრა და თქვა, რომ ისინი "უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც". ხამენეი ისრაელს დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის გამო ემუქრება. ამ დარტყმას ირანის სამხედრო სტრუქტურის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალი რანგის გენერალი ემსხვერპლა, რამდენიმე დაბალი საფეხურის პერსონალთან ერთად.

ისრაელ კაცმა X-ზე საკუთარი სიტყვები ებრაულად და სპარსულადაც დაწერა, შემდეგ კი აიათოლა ხამენეის ოფიციალური გვერდი მონიშნა.

ისრაელმა დარტყმა, რომელზეც თავდაცვის ძალებში კომენტარი არ გაუკეთებიათ, 1-ელ აპრილს მიიტანა.

ხამენეის თქმით, საელჩოზე იერიშის მიტანით ისრაელმა ირანის ტერიტორიას დაარტყა.


1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

როდესაც გასული წლის დეკემბერში ისრაელის იერიშის შედეგად სირიაში ირანის მიერ გაგზავნილი მთავარი მრჩეველი მოკვდა, პასუხად თეირანმა სარაკეტო იერიშები ერაყში, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში მიიტანა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ სამიზნე ისრაელის აგენტები იყვნენ. დარტყმის შედეგად დაიღუპა ბიზნესმენი, უძრავი ქონების მაგნატი, ფეშრავ დიზაიე, მისი ცოლი და ოჯახის სხვა წევრები, მათ შორის ახალშობილი ქალიშვილი.

კომენტარები