ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მედია: სირიაში ისრაელის დარტყმის შედეგად მოკვდა ირანის რევოლუციის გუშაგთა მრჩეველი

სეიედ რაზი მუსავი და ყასემ სოლეიმანი, რომელიც აშშ-ს საიჰაერო დარტყმის შედეგად ერაყში მოკვდა

ირანის სამთავრობო მედია Tasnim-ი წერს, რომ სირიაში ისრაელის სარაკეტო იერიშს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მრჩეველი, სეიედ რაზი მუსავი ემსხვერპლა.

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი სირიის დედაქალაქის, დამასკოს გარეუბანში მოკვდა. მათივე ცნობით, მუსავი სირიაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყველაზე გამოცდილი მრჩეველი იყო. ცნობების მიხედვით, ისრაელმა წარსულში მისი მოკვლა ორჯერ სცადა.

სირიაში გავრცელებული ინფორმაციით, იერიში ისრაელმა გოლანის მაღლობის მიმდებარე ტერიტორიიდან მიიტანა.

Tasnim-ის ცნობით მუსავი დაახლოებული იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ყუდსის ძალების მეთაურთან, გენერალ ყასემ სოლეიმანისთან, რომელიც 2020 წლის 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტთან აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, სარაკეტო თავდასხმით მოკლეს.

მუსავი ჩართული იყო ირანსა და სირიას შორის სამხედრო ალიანსის კოორდინირებაში და სავარაუდოდ მონაწილეობდა თეირანის მიერ რეგიონში არსებული მარიონეტული ძალების, მათ შორის ჰეზბოლას შეიარაღებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალებში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დღის მეორე ნახევარში დამასკოს გარეუბანში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ისრაელის საჰაერო ძალებმა ბოლო დღეებში, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის პარალელურად, სირიაში რამდენიმე იერიში მიიტანეს როგორც ასადის რეჟიმის, ისე ჰეზბოლას ელემენტებზე. 

კომენტარები