ირანი-ერაყი

ერბილში მიტანილი იერიშების გამო ერაყმა ირანის ელჩი გამოიძახა და საკუთარი ელჩი გამოიხმო

ირანის მიერ მიტანილი იერიშის შედეგი
Kurdistan 24/AFP

ირანის მიერ ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ ოლქზე მიტანილი იერიშების გამო ბაღდადმა მეზობელი ქვეყნის ელჩი გამოიძახა და საკუთარი დიპლომატი თეირანიდან გამოიხმო.

როგორც ერაყში ამბობენ, გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნის "სუვერენიტეტზე თავდასხმისთვის" ირანის წინააღმდეგ საჩივარს წარუდგენენ. 

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მათ ერაყში, ქურთისტანის რეგიონში ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადის ჯაშუშების შტაბზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში.

აფეთქები აშშ-ს საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა დაწესებულების ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. თავდასხმის შედეგად, ქურთისტანის უსაფრთხოების საბჭოს ცნობით, დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ექვსი ადამიანი.

რეგიონში მოქმედმა უდიდესმა პარტიამ, ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის არიან ბიზნესმენი, უძრავი ქონების მაგნატი, ფეშრავ დიზაიე, მისი ცოლი და ოჯახის სხვა წევრები.

გასულ თვეში ირანმა დადო პირობა, რომ შურს იძიებდნენ ისრაელის იერიშის შედეგად სირიაში გუშაგთა სამი წევრის სიკვდილისთვის. დაღუპულთა შორის იყო მაღალჩინოსანი მრჩეველიც. ერბილში მიტანილ იერიშებთან დაკავშირებით გუშაგთა კორპუსში ირწმუნებიან, რომ მათი სამიზნეები ისრაელის ჯაშუშები და ასევე ანტიირანულად განწყობილი ტერორისტები იყვნენ.

ერაყის გარდა ირანმა იერიშები მიიტანა სირიაშიც, მათი თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებზე. აქამდე, იანვრის დასაწყისში ქალაქი ქერმანში, სასაფლაოზე, სადაც ყუდსის ძალების მეთაური, ყასემ სოლეიმანია დაკრძალული, მოხდა ორი აფეთქება, რასაც ირანის სამთავრობო მედიის საბოლოო ცნობით 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. თავდაპირველად ირანის სამთავრობო მედიები აცხადებდნენ, რომ მსხვერპლი 100-ზე მეტი იყო.

როგორც ირანულ სამთავრობო მედიასთან, IRNA-სთან ისლამური გვარდიის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ თქვა, იერიშების დროს გამოიყენეს, სულ მცირე 24 ბალისტიკური რაკეტა. მედიისთვის მიცემულ კომენტარში ის ხაზს უსვამდა სირიაში მიტანილ იერიშებს და უცნობია, შედის თუ არა ამ რიცხვში ის რაკეტებიც, რომლებიც ერბილის დასაბომბად გამოიყენეს.

ერაყში მიტანილი თავდასხმები დაგმო აშშ-მ.

კომენტარები