რუსული კანონი

სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე: აზიანებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას

civil.ge

აშშ-ს სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას საერთო განცხადებით ეხმაურებიან. მათი თქმით, რუსული კანონი შეაფერხებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას

"ძალიან გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ საქართველოს მთავრობა აბრუნებს უცხოეთის აგენტების კანონს. ეს კიდევ უფრო დაყოფს ქვეყანას. ის ჰგავს იმ კანონებს, რომელსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად და პოლიტიკური ოპოზიციის დასახშობად იყენებს" - ნათქვამია სენატორების საერთო განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ წინა წლის მარტში ეს კანონი მასობრივი დემონსტრაციების გამო არ მიიღეს და ახლა ამ კანონის რეინიცირება პოლიტიკურ პროცესს არასწორი მიმართულებით წარმართავს. სენატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადამწყვეტი ინდიკატორი. 

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრები არიან, სადაც სენატორი შაჰინი ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. 

კომენტარები