აშშ

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტეხასის შტატს არალეგალი მიგრანტების დაკავების გზა გაუხსნა

არალეგალური მიგრაციის კრიზისი აშშ-მექსიკის საზღვარზე
David Peinado/Bloomberg/Getty Images

19 მარტის აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გზა გაეხსნა კანონმდებლობას, რომელიც ტეხასის შტატის სამართალდამცავ ორგანოებს იმ პირების დაკავების საშუალებას აძლევს, რომლებმაც აშშ-მექსიკის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთეს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ უარყო პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მოთხოვნა, რომლის მტკიცებითაც ხსენებული კანონმდებლობა აშშ-ს კონსტიტუციასა და ფედერალურ კანონს არღვევდა. ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, ეს კანონმდებლობა იმიგრაციის რეგულირების საკითხში აშშ-ს მთავრობის უფლებამოსილებას შეუშლის ხელს.

ამჟამად აშშ-ს ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში საკამათო კანონმდებლობასთან დაკავშირებით დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, სანამ პროცესი დასრულდება, ტეხასის შტატი დროებით თავისუფალი იქნება, კანონმდებლობის ფარგლებში არალეგალი მიგრანტების დაკავება და დეპორტაცია დაიწყოს.

ახალ კანონს "სენატის კანონპროექტი 4" რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ აბოტმა დეკემბრის თვეში მოაწერა ხელი, რამაც ტეხასის შტატში არალეგალურად შესვლა დანაშაულად გამოაცხადა, ხოლო შტატის მოსამართლეებს მიგრანტების დეპორტაციის ბრძანების გაცემის უფლება მიენიჭა.

მოგვიანებით, ტეხასის ქალაქ ოსტინში ფედერალურმა მოსამართლემ შტატის მთავრობის მოქმედებაში შეყვანა დაბლოკა, თუმცა, აშშ-ს მე-5 საოლქო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, დროებით, მხოლოდ 10 მარტამდე დარჩებოდა ძალაში. პარალელურად, ტეხასის გუბერნატორის მიერ მიღებული კანონმდებლობა ბაიდენის ადმინისტრაციასაც ჰქონდა გასაჩივრებული.

ნიუ ორლეანსში მდებარე სააპელაციო სასამართლო ამ საქმეზე არგუმენტებს 3 აპრილს მოისმენს.

კომენტარები