აშშ

აშშ-ში კაცი დააკავეს, რომელსაც დედინაცვლის, შვილების დედისა და დის მკვლელობა ედება ბრალად

Tyger Williams / The Philadelphia Inquirer

26 წლის ანდრე გორდონი, რომელსაც პენსილვანიის შტატში თავისი დედინაცვლის, მოზარდი დისა და შვილების დედის მკვლელობა ედება ბრალად, ნიუ ჯერსის შტატში, ტრენტონში დააკავეს. პოლიციის ცნობით, გაქცეული ბრალდებული სხვა ადამიანების სახლში დაიმალა, სადაც ბარიკადები აღმართა. 

როდესაც გორდონი სახლში შეიჭრა, მასში მცხოვრებები იყვნენ, მაგრამ, როგორც სამართალდამცავები ამბობენ, მათი უსაფრთხოდ ევაკუირება მოხერხდა. შედეგად არავინ დაშავებულა და ბრალდებული დაზიანებების გარეშე დააკავეს. 

პოლიციის ინფორმაციით, გორდონი უსახლკაროა, თუმცა ძირითადად ტრენტონის არეში იმყოფება. 

სამართალდამცავთა თქმით, ბრალდებული პენსილვანიის შტატში სახლში შეიჭრა და თავის დედინაცვალს, 52 წლის კარენ გორდონსა და 13 წლის დას, კერა გორდონს სასიკვდილოდ ესროლა, რის შემდეგაც სხვა სახლში თავისი შვილების დედა, 25 წლის ტეილორ დენიელი მოკლა. ბრალდებულმა ასევე თოფის ტარით ცემა დენიელის დედა, რომელსაც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ.

როგორც ადგილობრივი პოლიცია ამბობს, ბრალდებულმა დანაშაულის ჩასადენად AR-15 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და მეზობელ შტატში გასაქცევად მანქანა გაიტაცა. 

კომენტარები