გაფიცვები გერმანიაში

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები კიდევ ერთხელ გაიფიცებიან

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები 12 მარტს გაიფიცებიან. მემანქანეების პროფკავშირის, GDL-ის ცნობით, გაფიცულები სამსახურში 24 საათის განმავლობაში არ გამოცხადდებიან.

GDL განმარტავს, რომ სატრანსპორტო მატარებლების მემანქანეთა გაფიცვა 11 მარტს საღამოს დაიწყება, 12 მარტს ღამის ორ საათზე კი მათ სამგზავრო მატარებლების მემანქანეები შეუერთდებიან.

პროფკავშირების ცნობით, გაფიცვის მიზეზი ის არის, რომ გერმანიის რკინიგზას (DB) მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით 19 იანვრიდან ახალი წინადადებები არ წარმოუდგენია.

ბოლო 4 თვეში გერმანელი მატარებლების მემანქანეები უკვე მეექვსედ გაიფიცნენ. ბოლო გაფიცვა 4 დღის წინ მოხდა. GDL-ის მთავარი მოთხოვნა სამუშაო დროის კვირაში 38-საათიდან 35 საათამდე შემცირებაა, ხელფასის დაკლების გარეშე.

ამავდროულად, კავშირი გაზრდილ ინფლაციასთან გამკლავების მიზეზით ყოველთვიური ხელფასის 15%-ით (დაახლოებით 555 ევრო) გაზრდას და ერთჯერადად 3 000 ევროს გადახდას ითხოვს.

Deutsche Bahn-მა მემანქანეებს ბოლოს ხელფასის 4.8%-ით ზრდა, 2025 წლის აპრილიდან კი 5%-იანი ზრდა შესთავაზა. სარკინიგზო ოპერატორი აღნიშნავს, რომ ინფლაციასთან გამკლავების მიზნით თანამშრომლებს 32 თვეზე გადანაწილებული კომპენსაცია შესთავაზეს. ამავდროულად, კომპანია მემანქანეებს 2026 წლიდან სამუშაო საათების 38-დან 37-საათამდე შემცირებას ჰპირდება.

კომენტარები