კოალიცია ქართული ოცნება

აზარაშვილი: ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა

საქართველოს მთავრობა

ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებდა, რამდენიმე საათში პოსტი აღარ იძებნებოდა, რის შემდეგაც კვლავ გამოჩნდა. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზარაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზად “მართვისა და კომუნიკაციის კუთხით პრობლემები” დაასახელა.

“მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში, მადლიერებით დავიწყო, რადგან ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება. გულწრფელი მადლობა მსურს გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა. 

სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.” - წერს აზარაშვილი.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, სამინისტროში მისი ორწლიანი საქმიანობის პერიოდი სტრესული და ზეწოლით სავსე იყო, ის სამინისტროს თითოეულ გადაწყვეტილებას პრინციპულსა და რისკიანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ “გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით” გატარდა რეფორმები.

აზარაშვილის თქმით, ის ამაყობს იმით, რომ "ხმაურის ფონზე" დანერგეს წამლებზე რეფერენტული ფასები, რამაც, მისი თქმით, ქვეყნის ინფლაციის შემცირებაში შეიტანა კონტრიბუცია.

"რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მოგვცა შესაძლებლობა 2024 წლიდან სრულად მოგვეხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350 000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის მანძილზე მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები. დაინერგა ელექტრონული რეცეპტები, აფთიაქებს გაუჩნდათ ბაზების სამინისტროსთვის გახსნის ვალდებულება.

ზუსტად ამ შესაძლებლობით გამოავლინა სამინისტრომ ფარმაკომპანიების მხრიდან კარტელური გარიგების ფაქტი რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაადასტურა და 53 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ კომპანიებს, რამდენიმე ფარმაკომპანიის ჭარბი 3000%-იანი ზემოგების საქმე კი კონკურენციის სააგენტოში განხილვის პროცესშია.

პაციენტის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში სამინისტრო რეალურ დროში აკონტროლებს ჭარბი ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და არასაჭირო მედიკამენტების ანგარების მიზნით გამოწერას. ამ უმწვავესი გამოწვევის მოსაგვარებლად დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში." - წერს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი.

აზარაშვილის განმარტებით, ონკოლოგიის მიმართულებით საქართველოში გაუმჯობესდა როგორც "სამედიცინო სერვისის დაფარვა, ასევე წამლების შესყიდვა პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტაქტებით", რამაც მისი თქმით, "50%-ით შეამცირა წამლების ფასი".

"თუმცა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი. ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა, რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350 მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20მლნ ლარი იყო." - წერს აზარაშვილი.

აზარაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში პირველად, მისი მინისტრობის დროს, შემოიტანეს სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის მექანიზმი, რისი წყალობითაც, 21 000-ზე მეტ ადამიანს გაეზარდა ხელფასი. ყოფილმა მინისტრმა ასევე ისაუბრა დიაბეტიანი ბავშვების საჭირო ფარმაცევტული საშუალებებით უზრუნველყოფაზე, მისი თქმით, ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან უზრუნველყოფილნი პროგრამის ხელმისაწვდომობით. მან ასევე აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისი ქვეყნის მასშტაბით დამატებით 15 ქალაქში, ჯამში 49 ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სერიოზული პრობლემები იყო კლინიკებთან გარიგების კუთხით, რის გადასაზღვევადაც წარმატებით ამოქმედდა ჰოსპიტალიზაციის ავტომატიზებული მოდული. მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილია რეანიმობილის სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომობის გარდა ასევე უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან არასაჭირო თანხების არგადახდას კერძო კომპანიების ბრიგადებისთვის.

დაწყებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ექიმების აკრედიტაციის, რესერტიფიცირების, წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის პროექტი. უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვება, რომელიც შინაარსობრივად და ვადაში ებმოდა ახალი რესპუბლიკური კლინიკის გახსნას და უკვე უკან დაბრუნებული ექიმები მყარი ფინანსური და თანამდებობრივი გარანტიებით უნდა დასაქმდნენ სახელმწიფო კლინიკებში." - წერს აზარაშვილი.

ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით დაიწყო "დევნილების განსახლების უპრეცენდენტო პროგრამა", რომელიც ახლა აქტიურ ფაზაშია და "წელს დაიწყებს ასეულობით ბინის განაწილებას".

აზარაშვილი ასვე წერს სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილებების ინიცირებაზე, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა.

"ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. დრჯ-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა". - წერს ყოფილი ჯადაცვის მინისტრი პოსტში.

პოსტი აზარაშვილმა თავისი ყოფილი პროფესიული გუნდისთვის მადლიერების გამოხატვით დაასრულა და აღნიშნა, რომ "მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად" მან მაინც შეინარჩუნა მინისტრის თანამდებობა 2 წლის განმავლობაში, რისთვისაც "დიდი ძალა და სიმართლე" იყო საჭირო.

"მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა. მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა. [...]

ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ, ალბათ, შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა.

წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად." - აღნიშნა აზარაშვილმა.

კომენტარები