ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე – კობახიძე ჯანდაცვის მინისტრზე

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კვირის ბოლომდე დაასახელებს. მანვე ყოფილ მინისტრზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზურა აზარაშვილმა "ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე" გააკეთა.

"იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა, ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით, ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს" - ამბობს კობახიძე.

პრემიერმინისტრის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის გარდა, გადაწყვეტილება აქვს მისაღები მთავრობის ადმინისტრაციის და "კონკრეტული დეპარტამენტის" ხელმძღვანელებთან დაკავშირებით - ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე 25 თებერვალს პოსტიდან გაათავისუფლეს, ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი კი, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, "მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, ერთერთ სამინისტროში".

"რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადება, ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე... ჯერჯერობით, არც პირადად, არც ირიბად არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა დღემდე არ შემითავაზებია, ჯერჯერობით გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი ჩამოვყალიბდებით გარკვეულ პოზიციაზე, ამის შემდეგ დავიწყებთ შეთავაზებას" - ამბობს კობახიძე.

კომენტარები