აშშ

ბაიდენი VS ტრამპი – საიმიგრაციო პოლიტიკის შედარება 12 გრაფაში

აშშ

ბაიდენი VS ტრამპი – საიმიგრაციო პოლიტიკის შედარება 12 გრაფაში

აშშ-ში იმიგრაცია საკამათო საკითხია და დიდი ალბათობით 2024 წლის არჩევნებზეც ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა იქნება. 2021 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს საზღვარს არალეგალურად საშუალოდ 2 მილიონი ადამიანი კვეთდა, რაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოებაში უკმაყოფილება არსებობს იმაზე, თუ როგორ ცდილობს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კრიზისთან გამკლავებას, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც მანამდე საიმიგრაციო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდნენ, საპრეზიდენტო რბოლაში მკაცრი ზომების მიღებისა და მილიონობით ხალხის დეპორტაციის დაპირებებს იძლევა.

ბოლო პერიოდში აშშ-ს სენატში $118 მილიარდიანი ორპარტიული კანონპროექტი ჩავარდა, რომელიც უკრაინის დახმარებას სასაზღვრო უსაფრთხოების რეფორმებს აბამდა, თუმცა, ტრამპის მხრიდან კანონპროექტისადმი წინააღმდეგობის გამო, ბევრმა რესპუბლიკელმა კანონპროექტის ჩაგდებას დაუჭირა მხარი.

გამოცემა The Washington Post ბაიდენისა და ტრამპის პერიოდის საიმიგრაციო სისტემის, ასევე სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის ამსახველ გრაფებს აქვეყნებს:

 

არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები აშშ-მექსიკის საზღვარზე

პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების შემდეგ ბაიდენმა ტრამპის პერიოდის შეზღუდვები მყისიერად გააუქმა. მისი გაპრეზიდენტებიდან მომდევნო თვეებში საზღვარზე არალეგალურად გადასვლის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ბაიდენი ხალხს აფრთხილებდა, რომ საიმიგრაციო კანონების დაცვის უზრუნველყოფას მაინც აპირებდა და მან ტრამპის პოლიტიკა დროებით შეინარჩუნა, რაც საზღვრის დამრღვევების სწრაფი დეპორტაციის საშუალებას იძლეოდა.

ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში აშშ-ს სასაზღვრო კონტროლის სააგენტოს მიერ დაკავებული მიგრანტების რაოდენობამ ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რაც საშუალოდ წელიწადში 2 მილიონი ადამიანია.

ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის პირველ დღეებში, მისმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ტრამპის Title 42-ის პოლიტიკას არ გამოიყენებდა, რითაც უკან აბრუნებდნენ არასრულწლოვანს, რომელსაც მშობელი ან მეურვე არ ახლდა თან.

ამის შემდეგ საზღვრის დამრღვევებს შორის არასრულწლოვანების რაოდენობა, რომლებსაც თანმხლები არ ჰყავდათ, მკვეთრად გაიზარდა. მალევე ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაავალა, რომ ცენტრალური ამერიკის ემიგრაციის ძირეულ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლისთვის ეხელმძღვანელა. 

მიგრანტი ბავშვები და მოზარდები, მშობლების გარეშე, საზღვარზე რეკორდული რაოდენობით მიდიან. ასევე ისტორიული რიცხვებით მიდიან ოჯახები და მარტოხელა ზრდასრულები

ვინ გადადის აშშ-მექსიკის საზღვარზე

 

მიგრანტები აშშ-მექსიკის საზღვართან მანამდე არნახული მრავალფეროვნების ქვეყნებიდან მოდიან. 2019 წელს, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის ყველაზე დატვირთული წელი იყო საზღვრის დარღვევის შემთხვევების მხრივ, დაკავებულ მიგრანტთა 80% მექსიკიდან, გვატემალიდან და ჰონდურასიდან იყვნენ. წინა წელს კი აღნიშნული სამი ქვეყნიდან წამოსული მიგრანტების ჯამური რაოდენობა მთლიანი რაოდენობის ნახევარზე ნაკლები იყო.

საიდან არიან მიგრანტები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს კვეთენ

ვენესუელიდან, კოლუმბიიდან, პერუდან, სენეგალიდან და მავრიტანიიდან - ასევე აფრიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან - მიგრანტები საზღვარს აშშ-ს ადგილობრივი მაღალჩინოსნებისთვის არნახული რაოდენობით არღვევენ. მაგალითად, სასაზღვრო კონტროლის მონაცემებით, ოქტომბერსა და დეკემბერს შორის, სამხრეთ საზღვარი 14 965-მა ჩინელმა მიგრანტმა გადაკვეთა, რა მაჩვენებელიც 2020 წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 29 იყო. ხოლო სამთვიან პერიოდში სასაზღვრო კონტროლმა 9 518 ინდოელი მიგრანტი აიყვანა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდში 56-ს შეადგენდა.

ქვეყნები, საიდანაც წამოსული აშშ-მექსიკის საზღვრის დამრღვევი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

ფართო სპექტრის ქვეყნებიდან წამოსულ მიგრანტებზე ინფორმაციის გადამუშავების, მათი დაკავებისა და პოტენციური დეპორტაციის გამოწვევა ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე ტვირთად დააწვა, რის გამოც, თუკი აღნიშნული პროცესების წარმართვისთვის დაწესებულებები გადატვირთულია და მიგრანტების ჰუმანიტარული დაცვით უზრუნველყოფა დროულად ვერ ხერხდება, აშშ მიგრანტებს ქვეყანაში უშვებს.

 

დეპორტაცია, გაბრუნება და გაძევება

იმ ადამიანთა წლიური რიცხვი, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად შედიან და შემდგომ ამერიკა ადეპორტებს, აბრუნებს ან აძევებს

მას შემდეგ, რაც ტრამპის მიერ მიღებული ზომები, კერძოდ Title 42, 2023 წლის მაისში დასრულდა, ბაიდენის ადმინისტრაციამ დაახლოებით 500 000 პირი მექსიკასა და სხვა ქვეყნებში ან გააბრუნა, ან დეპორტაცია გაუკეთა. ეს ტრამპის დროინდელ მთლიან მაჩვენებლებს აღემატება, რაც წლიურად დაახლოებით 500 000 იყო.

ტრამპმა Title 42-ის პოლიტიკა კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის მარტში მიიღო, რათა საზღვრის გადამკვეთები სწრაფად ისე გაეძევებინათ, რომ აშშ-ში თავშესაფრის ძიების შანსი არ ჰქონოდათ.

ტრამპის ადმინისტრაციამ მათი უმრავლესობა გააძევა, რომლების აშშ-ში არალეგალურად შევიდნენ და საზღვრის დარღვევის შემთხვევებიც შედარებით დაბალი იყო.

ბაიდენმა ეს პოლიტიკა შეინარჩუნა და ტრამპთან შედარებით ხუთჯერ მეტი საზღვრის დამრღვევი გააძევა, ძირითადად იმიტომ, რომ ბაიდენის ინაუგურაციიდან 2023 წლის მაისამდე (როცა Title 42 დამთავრდა) ბევრად მეტმა მიგრანტმა სცადა აშშ-ში შესვლა.

2021 წლიდან მოყოლებული ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყანაში 2.3 მილიონზე მეტი მიგრანტი შეუშვა. ხოლო აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის მიერ აყვანილი მიგრანტების რაოდენობასა და ქვეყნიდან დეპორტირებულ, გაბრუნებულ პირთა რიცხვს შორის სხვაობა სამი წლის განმავლობაში თანდათან უფრო იზრდებოდა.

მიგრანტების აღმოჩენის შემთხვევები და დეპორტაციის, გაბრუნებისა და გაძევების მაჩვენებელი

 

აშშ-ს შიგნით იმიგრაციაზე კანონის აღსრულება

აშშ-ს იმიგრაციისა და საბაჟო პოლიციის (ICE) მიერ დადეპორტებული და უკან გაბრუნებული მიგრანტები

ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ დღეს მისმა ადმინისტრაციამ ICE-ის მიერ დაკავებებისა და დეპორტაციების შეჩერების განკარგულება გასცა. ტრამპის დაპირებით, იგი "მილიონობით" იმიგრანტის დეპორტაციას აპირებდა, თუმცა პრეზიდენტობისას მან ეს ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ICE-ის ოფიცრებს აშშ-ში მყოფ არალეგალებთან გასამკლავებლად უფრო ფართო უფლებამოსილები მიანიჭა. ტრამპის პრეზიდენტობისას ICE-ი ყოველ წელს საშუალოდ 80 000 დაკავებულ მიგრანტს ადეპორტებდა.

ბაიდენის ადმინისტრაციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2021 წელს ICE-ის ოფიცრებს ახალი წესები დაუდგინა და ისინი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ, მძიმე და ძალადობრივ კრიმინალებისკენ და ბოლო პერიოდის საზღვრის დამრღვევებისკენ მიმართა, ხოლო სამუშაო ადგილებზე მიგრანტების აყვანის მიზნით "რეიდები" შეწყდა.

ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ICE-ის მიერ დაკავებული მიგრანტების დეპორტაციის მაჩვენებელი წელიწადში 35 000-მდე დაეცა. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, ისინი კანონმორჩილი იმიგრანტი მუშების დაკავების ნაცვლად, უფრო მეტს აკეთებენ იმ კრიმინალების დასადგენად, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.

 

პირობითი განთავისუფლება

იმ მიგრანტების ყოველწლიური რაოდენობა, რომლებსაც აშშ-ში დროებით შესვლის უფლება საიმიგრაციო პირობითი გათავისუფლებით ეძლევათ

აშშ-ს საიმიგრაციო კანონმდებლობაში პირობითი გათავისუფლება აღმასრულებელი შტოს უფლებამოსილებაა, რომელიც მთავრობას იმ მიგრანტების მიღების უფლებას აძლევს, რომლებსაც ვიზას არ ფლობენ. სასაზღვრო პოლიტიკაში ბაიდენი აღნიშნულ უფლებამოსილებას ძლიერად დაეყრდნო, რათა, ერთი მხრივ, მიგრანტებისთვის ახალი შესაძლებლობები გაეხსნა, ხოლო მეორე მხრივ, არალეგალი მიგრანტებისთვის სასჯელი გაემკაცრებინა.

ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნულ მეთოდს გადატვირთულობის შესამსუბუქებლად იყენებდა, თუმცა, ბაიდენის ამ უფლებამოსილებას აშშ-ს ისტორიაში ყველაზე თავშეუკავებლად იყენებს. ამერიკელი რესპუბლიკელების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მხრივ საკუთარ უფლებამოსილებებს აჭარბებს და პირობითი გათავისუფლება შემთხვევების ცალკეულად განხილვისთვის იყო განკუთვნილი.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების მტკიცებით, პირობითი გათავისუფლების პროგრამამ, რომელიც 2023 წლის იანვარში დანერგეს და კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან ყოველ თვეში 30 000 მიგრანტს ეძლევა აშშ-ში შესვლის უფლება, მიგრაციის ნაკადის შემცირება განაპირობა. წინა წელს უფრო ნაკლები კუბელი, ჰაიტელი და ნიკარაგუელი შევიდა აშშ-ში არალეგალურად, თუმცა, ვენესუელელებთან მიმართებით პროგრამა ნაკლებად წარმატებული იყო.

საზღვრის დარღვევის შემთხვევები იმ ქვეყნების მიგრანტების მიერ, რომლებთანაც ბაიდენმა პირობითი გათავისუფლების პროგრამა დააწესა

იმ მიგრანტების რაოდენობა, რომლებსაც საიმიგრაციო პირობითი გათავისუფლების პროგრამით ყოველ წელს აშშ-ში შესვლის უფლება ეძლევათ

 

ლტოლვილები

წლიური ზღვარი ლტოლვილების მიღებაზე და მიღებულ ლტოლვითა მთლიანი რაოდენობა

 

ტრამპმა აშშ-ში ლტოლვილების მიღების შემთხვევები შეამცირა და ზღვარი 2021 წელს 15 000-ზე დააწესა, რაც 1980 წლის "ლტოლვილების აქტის" მიღების შემდეგ ყველაზე დაბალი იყო. ბაიდენმა პროგრამის აღდგენის პირობა დადო და ტრამპთან შედარებით ბევრად მეტი ლტოლვილი მიიღო, თუმცა, მისი ადმინისტრაცია მაინც ჩამოუვარდება მათ მიერვე დაწესებულ 125 000-იან წლიურ ზღვარს, რაც ნაწილობრივ საზღვარზე არსებული კრიზისითაა განპირობებული.

 

ნატურალიზებული მოქალაქეები

მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადებმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისა და პრეზიდენტობის დროს იმატა, მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე ყოფნის დროს მან პირობა დადო, რომ იმიგრაციას შეამცირებდა. თუმცა, მისი ვადის ბოლოს ნატურალიზების პროცესი აშშ-ს მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურში არსებული ფინანსური დაბრკოლებების გამო შემცირებული იყო. ხოლო 2020 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ მოქალაქეობის მიღების ახალი გამოცდა შემოიღო, რაც, რეფორმის მომხრეების თქმით, უფრო რთული ჩასაბარებელი იყო. 

ბაიდენმა გაპრეზიდენტების შემდეგ ძველი გამოცდა შემოიღო და უფრო მეტი მიგრანტი წაახალისა, აშშ-ს მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი გაკეთებინათ.

გათვლების მიხედვით, 9 მილიონ ლეგალურად სამუდამო ცხოვრების უფლების მქონეს შეუძლია მოქალაქეობის მიღება, რაც მათ ნაფიც მსაჯულად მსახურობის, ფედერალურ სამსახურში დასაქმებისა და აშშ-ს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას მისცემს.

ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ ორ წელს ნატურალიზების შემთხვევებმა იმატა, მაგრამ მესამე წელს შემცირდა, თუმცა ფიცის დამდებ ახალ მოქალაქეთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ეს ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო.

 

საიმიგრაციო სასამართლოები

როდესაც ბაიდენმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა აშშ-ს საიმიგრაციო სასამართლო სისტემა გადატვირთული იყო, რაც მას შემდეგ თითქმის გაორმაგდა და ამ დროისთვის 2.5 მილიონი საქმე რჩება გადასაწყვეტი. მიგრანტების დიდი ნაწილი თავშესაფარსა და ჰუმანიტარულ მფარველობას ითხოვს. ის მიგრანტებს მოთხოვნებს, რომლებმაც აშშ-ს საზღვარი ბოლო პერიოდში გადალახეს და მფარველობას ითხოვენ, აშშ-ს სასამართლო ხუთი წლის შემდეგ მოისმენს.

აშშ-ს სასამართლო სისტემის უუნარობამ, რომ საქმეები დროულად გადაწყვიტოს, არალეგალური მიგრაცია კიდევ უფრო წაახალისა, რადგან თავშესაფრის მოთხოვნაზე სუსტი არგუმენტების მქონე მიგრანტებს შეუძლიათ, მფარველობის მიღებაზე განაცხადი გააკეთონ და აშშ-ში წლობით იცხოვრონ და იმუშაონ, სანამ მათ დეპორტაციის საფრთხე შეექმნებათ.

კომენტარები