რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ამ ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირწმუნება, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ამის შესახებ მან 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აქამდე უკრაინის ხელისუფლებას ცნობა დაღუპულთა რაოდენობის შესახებ არ გაუვრცელებია.

ამას გარდა, ზელენსკის ცნობით, მოკვდა 180 000 რუსი სამხედრო.

"ამ ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. არც 300 000, არც 150 000, როგორც პუტინის მატყუარათა წრეში იტყუებიან. თუმცა ყოველი ადამიანი ჩვენთვის დიდი დანაკარგია. მოკვდა 180 000 რუსი". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს არ უსაუბრია დაჭრილთა რაოდენობაზე. მას არც უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა დაუზუსტებია.

"ასევე ვიცით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული ათიათასობით უკრაინელის შესახებ". - დაამატა ზელენსკიმ.

გასული წლის ნოემბერში Tge Economist-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის მხარეს, სულ მცირე, 70 000 სამხედრო იყო დაღუპული.

ამას გარდა, ფასული წლის აპრილში პენტაგონის გაჟონილ ფაილებში ეწერა, რომ უკრაინის მხარეს დაჭრილთა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 124 500-დან 131 000-მდე მერყეობდა. აქედან 15 500-17 500 დაღუპული იყო, დანარჩენი კი დაშავებული.

კომენტარები