ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ალექსეი ნავალნის დედას შვილის ცხედარი გადასცეს

ლიუდმილა ნავალნაია

ალექსეი ნავალნის დედას, ლიუდმილა ნავალნაიას შვილის ცხედარი გადასცეს. ინფორმაციას ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში ავრცელებს.

"დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. არ ვიცით შეუშლის თუ არა ხელისუფლება ხელს მის ჩატარებას ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს". - თქვა იარმიშმა.

მანამდე, 23 თებერვალს ასევე ნავალნის პრესსპიკერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამომძიებლებმა ლიუდმილა ნავალნაიას წაუყენეს ულტიმატუმი, დათანხმებოდა შვილის საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე დაკრძალვას, ან ნავალნის ცხედარს კოლონიის ტერიტორიაზე დამარხავდნენ.

როგორც იარმიში სოციალურ ქსელში წერდა, ნავალნაიას გადაწყვეტილების მისაღებად სამი საათი მისცეს. მისივე თქმით, ნავალნის დედამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებაზე და მოითხოვა, რომ კანონის თანახმად, შვილის ცხედარი ოჯახს სიკვდილის მიზეზის ოფიციალურად დადგენიდან ორი დღის განმავლობაში, ანუ 24 თებერვლამდე გადასცემოდა.

ლიუდმილა ნავალნაიამ ალექსეი ნავალნის ცხედარი 22 თებერვალს ქალაქ სალეხარდში ნახა. პატიმრობაში მოკლული რუსი ოპოზიციონერის დედა შვილის ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.

2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

კომენტარები