ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნაია: გავაგრძელებ ალექსეის საქმეს, დადექით ჩემს გვერდზე, გაიზიარეთ ჩემი რისხვა

იულია ნავალნაია

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ის, საკუთარი ქმრის საქმეს გააგრძელებს.

"მე ამ ადგილზე არ უნდა ვყოფილიყავი. ამ ვიდეოს არ უნდა ვწერდე. აქ სხვა ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ადამიანი ვლადიმირ პუტინმა მოკლა. 3 დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. პუტინმა მოკლა ჩემი შვილების მამა. პუტინმა წამართვა ყველაზე ძვირფასი, ახლო და საყვარელი ადამიანი.

თუმცა პუტინმა ნავალნი წაგართვათ თქვენც, სადღაც, უკიდურესი ჩრდილოეთის კოლონიაში, პოლარულ წრესთან, სამუდამო ზამთარში პუტინმა არა მხოლოდ ადამიანი, ალექსეი ნავალნი მოკლა, არამედ მოინდომა მასთან ერთად მოეკლა ჩვენი იმედიც, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი. გაენადგურებინა და გაენულებინა საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი, რომ რუსეთს შეუძლია იყოს სხვანაირი: რომ ჩვენ ვართ ძლიერები, გამბედავები, რომ გვწამს, თავგანწირვით ვიბრძვით და გვსურს სხვანაირი ცხოვრება." – თქვა იულია ნავალნაიამ მიმართვაში.

რუსი ოპოზიციონერის ცოლი დებს პირობას, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, დადგეთ ჩემს გვერდით, გაიზიაროთ არამხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვიშვებს. მე გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანება, სიძულვილი, ბოროტება, მათ მიმართ, ვინც გაბედა მოეკლა ჩვენი მომავალი და მოგმართავთ ალექსეის სიტყვებით, რომლისაც ბოლომდე გვწამს: არაა სამარცხვინო გააკეთო ცოტა, სამარცხვინოა არაფრის გაკეთება. სამარცხვინოა, შეგაშინონ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ. ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნებისთვისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა." – თქვა ნავალნაიამ.

ნავალნის ცოლის თქმით, მას სურს, რომ მომავლის რუსეთი, რომელზეც მისი ქმარი ოცნებობდა, მხარდამჭერებთან ერთად ააშენოს.

"იბრძოლეთ და არ დანებდეთ. მე არ მეშინია და არც თქვენ შეგეშინდეთ." – მოუწოდა მხარდამჭერებს იულია ნავალნაიამ. 

ამას გარდა, ნავალნაიას თქმით, იციან, რატომ მოკლა ვლადიმირ პუტინმა ალექსეი ნავალნი და ამის შესახებ მალე გაავრცელებენ ინფორმაციას და დაამატა, რომ გაარკვევენ მათ ვინაობასაც, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ამ დრომდე უცნობია სად არის მისი ცხედარი.


ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანაცე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.

2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

 

კომენტარები