ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნის სპიკერი: ნავალნის ცხედარი იმ მორგში არ არის, სადაც ამტკიცებდნენ, რომ იყო

ალექსეი ნავალნი
Meduza

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა თქვა, რომ ნავალნის ცხედარი მორგში არ არის, სადაც ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ იყო.

როგოც მან აღნიშნა, ნავალნის დედა და ადვოკატი მივიდნენ მორგში, სალეხარდში, ციხესთან ახლოს, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ.

"ადვოკატმა კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს დარეკა. მორგში ალექსეის ცხედარი არ არის". - წერს იარმიში. 

მისივე თქმით, ნავალნის კიდევ ერთი ადვოკატი მივიდა სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტში, სადაც უთხრეს, რომ "განმეორებითი ჰისტოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა" და რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. როგორც იარმიშმა აღნიშნა, ანალიზის შედეგები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება.

ამასთან, ნავალნის სპიკერის თქმით, ჯერ კიდევ ერთი საათის წინ ადვოკატებს "გამოძიების" დასრულების შესახებ შეატყობინეს და ბიოლოგიური სიკვდილით გარდაცვალების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"ფაქტობრივად, ისინი ყოველ ჯერზე იტყუებიან, წრეებზე გვატარებენ და კვალს ფარავენ". - თქვა მან.

მოგვიანებით იარმიშმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა: "ახლა საგამოძიებო კომიტეტი პირდაპირ ამბობს, რომ ალექსეის ცხედარს მის ახლობლებს გამოძიების დასრულებამდე არ გადასცემენ".

გარდა ამისა, როგორც ნავალნის ერთ-ერთმა მოკავშირე ივან ჟდანოვმა თქვა, ნავალნის ადვოკატს და დედას უთხრეს, რომ მისი სიკვდილის მიზეზი იყო "უეცარი სიკვდილის სინდრომი".

Astra Telegram-ის არხი წერს, რომ ნავალნის ცხედარი არც სალეხარდის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია.

ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა ნავალნის სიკვდილი რამდენიმე საათის წინ დაადასტურა

"ალექსეი ნავალნი მოკლეს. ალექსეის დედისთვის გადაცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, იგი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე". - აღნიშნა იარმიშმა.

ამასთან, როგორც იგი კოლონიის თანამშრომელზე დაყრდნობით წერდა, ნავალნის ცხედარი ახლა ქალაქ სალეხარდში "გამოძიების" მიზნითაა. 

"მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი სასწრაფოდ გადასცენ მის ოჯახს". - წერს ნავალნის სპიკერი.

გასული წლის ბოლოს ალექსეი ნავალნი რამდენიმე კვირით გაუჩინარდა. არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ. საბოლოოდ ის 10 იანვარს, ვიდეოჩართვის დროს გამოჩნდა.

ნავალნი პატიმრობაში იმყოფებოდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში. ეს პუნქტი რუსეთის პოლარული რეგიონის ნაწილია.

კომენტარები