ალექსეი ნავალნის სიკვდილი

WSJ: ჰილარი კლინტონი ლობირებდა იდეას, რომ ნავალნი ხანგოშვილის მკვლელში გაცვლილიყო

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თეთრ სახლში ლობირებდა იდეას, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში, ვადიმ კრასიკოვში გაცვლილიყო.

გამოცემის ცნობით, ჰილარი კლინტონს ეს იდეა ნავალნის თანამებრძოლმა და მეგობარმა ხრისტო გროზევმა შესთავაზა. ხოლო მანამდე ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია ამავე თხოვნით გერმანელ მაღალჩინოსნებთან მიდიოდა, თუმცა, მათ შორის შესაძლო გაცვლის შესახებ ერთიანი აზრი არ იყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უარყოფდა ნებისმიერ გარიგებას, რომელშიც კრასიკოვი იქნებოდა გარეული.

18 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა პირველად ახსენა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მისი გვარით და დაადასტურა, რომ არსებობდა მისი დასავლურ ქვეყნებში დაპატიმრებულ პირებში გაცვლის იდეა. 

"რაც შეეხება ბატონ ნავალნის, დიახ, მან ეს სიცოცხლე დატოვა. ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. თუმცა ჩვენ სხვა შემთხვევებიც გვქონია, როცა დაპატიმრებული პირები კვდებოდნენ. განა აშშ-ში ეს არ მომხდარა? მომხდარა, არაერთხელ." - თქვა პუტინმა.

მანამდე, 26 თებერვალს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარე, მარია პევჩიხი ირწმუნებოდა, რომ განიხილებოდა ალექსეი ნავალნის გერმანიის პატიმრობაში მყოფ ვადიმ კრასიკოვში გაცვლა. პევჩიხის მტკიცებით, "ნაცნობი პოლიტიკოსებისა" და "პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების" დახმარებით, ნავალნის მხარდამჭერების გეგმა მიიღეს 2023 წლის გაზაფხულზე, თუმცა მაშინ საუბრები ჩაიშალა. მისივე ცნობით, დეკემბერში ეს გეგმა ხელახლა დაადასტურეს. პევჩიხი ამბობს, რომ პუტინს ნავალნის გაცვლის შეთავაზება ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა გადასცა. მისივე მტკიცებით, მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ვლადიმირ პუტინმა ნავალნის მოკვლის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მას ოპოზიციონერის თავისუფლების ხილვა არ სურდა.

ცნობა, რომ მოლაპარაკებები ნავალნის გათავისუფლებასთან ახლოს იყო მისული, The New York Times-ის წყარომ უარყო. წყაროს თქმით, უცნობი იყო თანახმა იქნებოდა თუ არა რუსეთი ან გერმანია, სადაც კრასიკოვი პატიმრობაშია, მსგავს გაცვლაზე. მან აღნიშნა, რომ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა.

ნავალნისთან ერთად საუბარი იყო რუსეთის პატიმრობაში მყოფ აშშ-ს ორი მოქალაქის გაცვლაზეც. ესენი The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი და ყოფილი საზღვაო ქვეითი, პოლ ვილანი არიან. ორივე მათგანს რუსეთი ამერიკის  სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებს.

პუტინმა მიუთითა, რომ WSJ-ს დაპატიმრებული ჟურნალისტის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი ცხედარი გადასცეს დედას, რომელსაც შვილის სხეულს რამდენიმე დღე არ აჩვენებდნენ.

ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.

2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.


ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო. 

მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილეა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", – ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: რუსეთის შურისძიება - ზელიმხან ხანგოშვილის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია.

კომენტარები