ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნის დედა: ჩემი შვილის ცხედარი ვნახე, მისი ფარულად დამარხვა სურთ

ლიუდმილა ნავალნაია

ალექსეი ნავალნის დედის, ლიუდმილა ნავალნაიას ინფორმაციით მან ქალაქ სალეხარდში შვილის ცხედარი ნახა. ნავალნაიას თქმითვე, გამომძიებლები მას აშანტაჟებენ, რათა რუსი ოპოზიციონერი ფარულად დამარხონ.

"ახლახან გამოვედი ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტის შენობიდან. თითქმის 24 საათი გავატარე იქ მარტომ გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან ერთად. ადვოკატი მხოლოდ დღეს, სადილის შემდეგ შემოუშვეს. გუშინ საღამოსვე მალულად მიმიყვანეს მორგში, სადაც მაჩვენეს ალექსეი. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათ იციან სიკვდილის მიზეზი და მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი. ისინი მე ვნახე, ხოლო სიკვდილზე სამედიცინო ცნობას ხელი მოვაწერე. კანონის თანახმად, ამის შემდეგ მათ ალექსეის ცხედარი დაუყოვნებლივ უნდა გადმოეცათ, თუმცა ასე არ მოქცეულან". - ამბობს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნავალნაია და აღნიშნავს, რომ სანაცვლოდ მას აშანტაჟებენ და პირობებს უყენებენ სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ნავალნის ცხედარი.

"მათ ჩემი თანდასწრებით მისდით ბრძანებები ან კრემლიდან, ან საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ ამის ფარულად, გამომშვიდობების გარეშე გაკეთება. მათ სურთ სასაფლაოს განაპირას, ახალ საფლავთან მიმიყვანონ და მითხრან - აი, აქ არის თქვენი შვილი. მე ამაზე თანახმა არ ვარ. მინდა, თქვენ, ვისთვისაც ალექსეი ძვირფასია, ვისთვისაც მისი სიკვდილი პირად ტრაგედიად იქცა, მასთან დამშვიდობების საშუალება გქონდეთ... თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, რომ თუ ფარულ დაკრძალვაზე არ დავთანხმდები ჩემი შვილის სხეულს რაღაცას გაუკეთებენ. გამომძიებელმა ვარაბაევმა ღიად მითხრა - დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, გვამი იხრწნება. არ მინდა განსაკუთრებული პირობები, მინდა ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდეს. მოვითხოვ, შვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადმომეცეს". - ამბობს ნავალნაია და დასძენს, რომ მიმართვის ჩაწერა გადაწყვიტა იმიტომ, რომ მას ვერ დაემუქრონ.

16 თებერვალს პატიმრობაში მოკლული რუსი ოპოზიციონერის დედა შვილის ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკლეს. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.

2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

კომენტარები