რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კობახიძემ უკრაინელებს მშვიდობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ერთდროულად უსურვა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, "რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით". ამასთან, კობახიძემ უკრაინელ ხალხს მშვიდობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ერთდროულად უსურვა. 

"ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.

საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები