ევან გერშკოვიჩი

მოსკოვის სასამართლომ WSJ-ს ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა

WSJ-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი სასამართლო სხდომაზე

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გერშკოვიჩის პატიმრობის შესახებ მისი ადვოკატების მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი და ჟურნალისტი, რომელიც მისი საქმის არსებით განხილვას ელოდება, წინასწარ პატიმრობაში მარტის ბოლომდე დატოვა.

ეს ნიშნავს, რომ გერშკოვიჩი, რომელიც გასული წლის მარტში დააკავეს, გისოსებს მიღმა, სულ მცირე, ერთ სრულ წელიწადს გაატარებს.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, გერშკოვიჩი ამერიკული მხარის ინტერესებისთვის მოქმედებდა და რუსეთის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის შესახებ. რუსეთის პროკურატურას ჯერჯერობით საჯაროდ არ გაუვრცელებია მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობას ედავებიან.

გერშკოვიჩმა და ჟურნალმა ჯაშუშობის ბრალდებები უარყვეს, აშშ-ს მთავრობამ კი განაცხადა, რომ ის უკანონოდაა დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა ირიბად მიუთითა, რომ გერშკოვიჩის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში, გერმანიის საპატიმროში მყოფ ვადიმ კრასიკოვში გაცვლითაა დაინტერესებული.

კომენტარები