ევან გერშკოვიჩი

რუსეთი ევან გერშკოვიჩის საქმეზე აშშ-სთან პატიმრების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს

WSJ-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი სასამართლო სხდომაზე

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთი მზად არის Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის საქმეზე აშშ-სთან პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა განიხილოს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საჯაროდ არ წარიმართება. 

"ჩვენ ვთქვით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ამის განხილვა საჯაროდ არ გვსურს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონფიდენციალურობის დაცვით და ასე გაგრძელდება". - თქვა პესკოვმა ბრიფინგზე. 

3 ივლისს რუსეთში აშშ-ს ელჩს, ლინ ტრეისის უფლება მისცეს ევან გერშკოვიჩი მოენახულებინა. აღსანიშნავია, რომ გეშკოვიჩის მონახულების ნებართვა ტრეისის ბოლოს აპრილში მისცეს.

გერშკოვიჩი მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული. ის პირველი ამერიკელი რეპორტიორია, რომელსაც 1986 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინეს. 1986 წელს U.S. News and World Report-ის კორესპონდენტი, ნიკოლას დანილოფი კგბ-მ დააპატიმრა. იგი გაათავისუფლეს დაპატიმრებიდან 20 დღეში, მას შემდეგ, რაც გარიგების ფარგლებში აშშ-მ FBI-ის მიერ ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საბჭოთა კავშირის გაეროს მისიის თანამშრომელი სსრკ-ს გადასცა.

31 წლის აშშ-ს მოქალაქე, ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იყო ჩასული, რა დროსაც იგი დააპატიმრეს.

კომენტარები