რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მებრძოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

22 წლის მამუკა გაწერელია
რუსეთის გენერალური პროკურატურა

20 თებერვალს რუსეთის გენერალური პროკურატურის Telegram არხზე უკრაინაში მებრძოლი და ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის, 22 წლის მამუკა გაწერელიას საქმეზე ინფორმაცია გავრცელდა.

ე.წ-მა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 22 წლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მსროლელთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ მამუკა გაწერელიას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "2022 წელს გაწერელია ჩავიდა უკრაინაში, სადაც მან დადო კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და გაგზავნილ იქნა მარიუპოლში. იმყოფებოდა რა მრავალსართულიანი სახლის ბინაში, მან ცეცხლი გაუხსნა რუსეთის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთაგან სამი გარდაიცვალა".

მამუკა გაწერელია 2022 წლის 20 მაისს ტყვედ მას შემდეგ ჩავარდა, რაც მტრის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, "აზოვსტალი" დატოვეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ტაბულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და უწყების პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

კომენტარები