რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი რუსული ხომალდის განადგურებაზე: შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებს რუსული დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის განადგურების შედეგად "რუსეთის ტერორისტული ობიექტებისგან შავი ზღვის გაწმენდის" პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ 14 თებერვალს ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

"მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს - მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! დღეს ჩვენ შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და მეტი მოტივაცია მივეცით ჩვენს ხალხს. ეს მნიშვნელოვანია. ეტაპობრივად გავწმენდთ შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ 14 თებერვალს მან გამართა სპეციალური შეხვედრა, რომელიც ეხებოდა უკრაინის შესაძლებლობების ზრდას რუსული დრონების ეფექტური მოგერიების პროცესში.

უკრაინული მედია Українська правда წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 14 თებერვლის დილას შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული სადესანტო ხომალდი ჩაძირეს. ინფორმაცია გამოცემას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოდან მიაწოდეს. მანამდე ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ხომალდის დაზიანება იყო ასახული.

ოპერაცია, სავარაუდოდ, დრონების გამოყენებით ჩატარდა. სამიზნე რუსული დიდი სადესანტო ხომალდი ცეზარ კუნიკოვი იყო. უკრაინის გენშტაბმა გემის ჩაძირვა დაადასტურა.

უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ შავ ზღვაში დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის განადგურების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 13 გემიდან მხოლოდ 5 დარჩა ფუნქციური.

კომენტარები