რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იუსოვი: განადგურებული ხომალდის "ცეზარ კუნიკოვის" ეკიპაჟის უმეტესობამ გაქცევა ვერ შეძლო

რუსული დიდი სადესანტო ხომალდი ცეზარ კუნიკოვი
Українська правда 

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, შავ ზღვაში განადგურებული რუსული დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის ეკიპაჟის უმეტესობამ გაქცევა ვერ მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა ისაუბრა

"ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა - ეფექტურად. მტრის ხომალდი განადგურდა, მისი აღდგენა შეუძლებელია. ტვირთთან ერთად იყო საბრძოლო მასალა.

არსებული ინფორმაციით, დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის ეკიპაჟის უმრავლესობამ გაქცევა ვერ მოახერხა". - თქვა იუსოვმა.

იუსოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული სადესანტო ხომალდი განადგურდა სანაპიროდან დაახლოებით 4 კილომეტრში, ალუპკას რაიონში. მისივე თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება, თუ კონკრეტულად რამდენი ოკუპანტი მოკვდა რუსული სადესანტო ხომალდის ჩაძირვისას. 

უკრაინული მედია Українська правда წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 14 თებერვლის დილას შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული სადესანტო ხომალდი ჩაძირეს. ინფორმაცია გამოცემას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოდან მიაწოდეს. მანამდე ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ხომალდის დაზიანება იყო ასახული.

ოპერაცია, სავარაუდოდ, დრონების გამოყენებით ჩატარდა. სამიზნე რუსული დიდი სადესანტო ხომალდი ცეზარ კუნიკოვი იყო. უკრაინის გენშტაბმა გემის ჩაძირვა დაადასტურა.

უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ შავ ზღვაში დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის განადგურების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 13 გემიდან მხოლოდ 5 დარჩა ფუნქციური.

კომენტარები