რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

УП: უკრაინელებმა რუსული სადესანტო ხომალდი ჩაძირეს

რუსული დიდი სადესანტო ხომალდი ცეზარ კუნიკოვი

უკრაინული მედია Українська правда წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 14 თებერვლის დილას შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული სადესანტო ხომალდი ჩაძირეს. ინფორმაცია გამოცემას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოდან მიაწოდეს. აქამდე ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ხომალდის დაზიანება იყო ასახული.

ოპერაცია, სავარაუდოდ, დრონების გამოყენებით ჩატარდა. სამიზნე რუსული დიდი სადესანტო ხომალდი ცეზარ კუნიკოვი იყო. უკრაინის გენშტაბმა გემის ჩაძირვა დაადასტურა.

აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ ღამეს მოიგერიეს 9 დრონი, აქედან 6 შავი ზღვის აკვატორიაში. პარალელურად, ტელეგრამ-არხებში გავრცელდა ცნობა, რომ ალუპკის რაიონში რაღაც იწვოდა. ასევე ამ რაიონში შენიშნეს ვერტმფრენები, რომლებიც აკვატორიის თავზე დაფრინავდნენ.  

აღსანიშნავია, რომ 1943 წლის 14 თებერვალს ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა საბჭოთა საზღვაო ქვეითთა ოფიცერი, მაიორი ცეზარ კუნიკოვი, ვის სახელსაც რუსული სადესანტო ხომალდი ატარებდა.

კომენტარები