აშშ

აშშ-ს ეკლესიაში მსროლელს იარაღზე 'პალესტინის' სტიკერი და ანტისემიტური წარწერები ჰქონდა

36 წლის ივონ მორენო, რომელმაც აშშ-ს ერთ-ერთ უდიდეს ევანგელურ ეკლესიაში ბავშვის თანხლებით ცეცხლი გახსნა
Fort Bend County Sheriff’s Office

გუშინ, 12 თებერვალს, აშშ-ს ტეხასის შტატის ერთ-ერთ უდიდეს ევანგელურ ეკლესიაში ქალმა 7 წლის ბავშვის თანხლებით ცეცხლი გახსნა.

პოლიციის ორმა ოფიცერმა, რომლებიც ამ დროს სამსახურებრივ ვალდებულებას არ ასრულებდნენ, მსროლელი სასიკვდილოდ მანამდე დაჭრეს, სანამ ის ვინმეს მოკვლას მოასწრებდა.

მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ AR-15 ტიპის ნახევრად ავტომატურ იარაღზე, რომელიც ქალმა თავდასხმის დროს გამოიყენა, სტიკერი წარწერით "პალესტინა" იყო მიკრული და მასზე ასევე ანტისემიტური წარწერები ეწერა.

"გვჯერა, რომ იყო ოჯახური დაპირისპირება, რომელიც ყოფილ ქმარსა და მის ოჯახთან ქალს მოუვიდა", განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ, თუმცა მათი თქმით, ჯერჯერობით თავდასხმის მოტივი უცნობია.

ჰიუსტონის პოლიციის უფროსის ტროი ფინერის თქმით, შემთხვევა ლეიქვუდის ეკლესიაში ადგილობრივი დროით 2 საათამდე მოხდა, სანამ ესპანურენოვანი პარაკლისი დაიწყებოდა. ინციდენტის შედეგად დაშავდნენ 50 წლის მამაკაცი და 7 წლის ბავშვი , რომელიც ქალს თან ახლდა.

ფინერის თქმით, დაშავებული მამაკაცი ეკლესიის მრევლის წევრი იყო, ხოლო ბავშვი თავის არეში მიღებული ჭრილობის გამო მძიმე მდგომარეობაშია და ამ დროისთვის "სიცოცხლისთვის იბრძვის".

FBI-ს აგენტის დაგ ვილიამსის თქმით, ორი პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან დამოუკიდებელი "გმირული" ქმედება რომ არა, "გარდაცვლილთა და მსხვერპლის რიცხვი ბევრად უფრო დიდი იქნებოდა".

ეჭვმიტანილი 36 წლის ივონ მორენო იყო, რომელსაც, პოლიციის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორია ჰქონდა. მანამდე იგი რამდენჯერმე იყო დაკავებული.

კომენტარები