რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანქტ-პეტერბურგში ნავთობის საწარმოზე დრონის თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია

"ნევსკი მაზუთის" დაზიანებული საწარმო
BAZA

სანქტ-პეტერბურგში მდებარე Невский мазут-ის საწარმოზე დრონის იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. 

შემთხვევა 31 იანვრის გამთენიისას მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია Фонтанка და ტელეგრამ-არხი Mash на Мойке წერს, დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ იყო დაზიანებული.

Фонтанка-ს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი სანქტ-პეტერბურგის რაიონი კოლპინოს თავზე С-400-ის სისტემით 4:20-ზე დააზიანეს, თუმცა დრონმა კურსი შეინარჩუნა და ნახევარი საათის შემდეგ, 20 კილომეტრით დაშორებულ გლუხოოზერსკოიეს გზატკეცილის რაიონში მდებარე ნავთობსაწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ამავე მედიის ცნობით, დიდი ხანძარი არ გაჩენილა, დაზიანდა ავტომობილები. ამას გარდა, პულკოვოს აეროპორტში 03:53-დან 05:11-მდე ფრენები შეაჩერეს.

პეტერბურგის გუბერნატორი ალქსანდრ ბეგლოვი წერს, რომ გლუხოოზერსკოიეს გზატკეცილის რაიონში მცხოვრებლებმა გაიგეს "ხმამაღალი აფეთქება". მისი თქმით, მოხდა "ინციდენტი" და არავინ დაშავებულა.

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება შემთხვევის ამსახველი ვიდეო და შედეგის ფოტოები.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, თუმცა უწყებაში 31 იანვრის დილას წერდნენ, რომ ჰსთ-ს ძალებმა ერთი დრონი ფსკოვის ოლქში ჩამოაგდეს.

გასულ ღამეს, ამ მოვლენების პარალელურად, რუსეთს იერიშები მიჰქონდა უკრაინის ქალაქებზე.

 
 

კომენტარები