რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემლმა უარყო ცნობა, რომ შესაძლოა პუტინმა უკრაინასთან მიმართებით მოთხოვნებზე უარი თქვას

ვლადიმირ პუტინი, 2023 წლის 14 დეკემბერი
Rbc

კრემლმა უარყო Bloomberg-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური აშშ-ს მოსაზრებების გაგებას ცდილობს. 

გარდა ამისა, რუსეთში უარყოფენ გავრცელებულ ცნობას იმის შესახებაც, რომ მოსკოვი უკრაინის უსაფრთხოების სტატუსთან დაკავშირებით მოთხოვნებზე უარის თქმას განიხილავს. 

Bloomberg-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინი "წყლებს ცდის", რათა დაადგინოს, მზადაა თუ არა ვაშინგტონი მოლაპარაკებებში ჩართვისთვის და სწორედ ამ მიზნით არაპირდაპირი გზებით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც დაუკავშირდა.

გამოცემა ციტირებს კრემლთან დაახლოებულ ორ პირს, რომლებიც ამბობენ, რომ პუტინმა "შეიძლება განიხილოს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე დაჟინებული მოთხოვნა და საბოლოოდ უარი თქვას NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე - იმ საფრთხეზე, რომელიც რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის მთავარი გამართლება იყო".

ამასთან, კრემლის სპიკერს დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა მოსკოვი მზად, უარი თქვას თავის მოთხოვნებზე უკრაინის ნეიტრალიტეტისა და NATO-ს შესახებ, რაზეც მან უპასუხა:

"არა, ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას".

კომენტარები