ჰაკერული თავდასხმა

სუს-ი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა აღვკვეთეთ

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, იმპიჩმენტის პროცესზე, 2023 წლის 18 ოქტომბერი.
ტაბულა/ზურაბ ცერცვაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერშეტევა აღკვეთეს. მათივე ცნობით, მიღებული ზომების შედეგად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ამჟამად ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღეს, 26 იანვრის დილით საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდს თავს ჰაკერები დაესხნენ. საიტზე შესვლისას ჩნდებოდა თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: "დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს".

Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია, რომელიც ასოცირებულია რუსეთის ერთზე მეტ სადაზვერვო სააგენტოსთან.

ასევე, დილიდან არ მუშაობდა ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდიც.

25 იანვარს ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა მთავარი არხის ვებგვერდიც, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა.

კომენტარები