გამოსახლება

ხაბეიშვილი: ოლიგარქმა ეთერში გვაყურებინა, მევახშემ მოქალაქე სახლიდან როგორ გამოაგდო

GHN

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისში, კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ფაქტს გამოეხმაურა. ხაბეიშვილის თქმით, მილიარდერმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა "პირდაპირ ეთერში გვაყურებინა", მევახშემ ადამიანები სახლიდან როგორ გამოაგდო.

"მილიარდერმა ოლიგარქმა პირდაპირ ეთერში გვაყურებინა, ზამთარში, ყინვაში, ძალით მევახშემ, ბანკირმა მოქალაქე სახლიდან როგორ გამოაგდო. ამიტომ, არჩევანი უმარტივესია. აქეთ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე, იქით ევროპული ცივილიზაცია [...] მის ოჯახთან ერთად დასაქმებული ადამიანი, რომელიც კეთილსინდისიერად შრომობს, მუშაობს და არ ემუქრება არც სახლიდან გაგდება, არც პოლიციას მიუგზავნიან, რომ ადამიანები ქუჩაში ძალით, ქვითა და უროთი გამოაგდონ [...] ამიტომ, მარტივი არჩევანი გვაქვს - უსწრაფესად ევროკავშირის წევრობა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში 30-35%-იანი სესხები აღარასდროს აღარ იქნება". - თქვა ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ გადაუხდელი სესხის გამო  ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა.  პარალელურად, ადგილზე მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.

შსს-ს ცნობით, ადგილზე 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

აღსრულების ბიურომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უარყოფს გამოსახლების პროცესის დროს გაზის გამოყენებას.

კომენტარები