რუსეთი

ბაშკირეთში 6 მომიტინგეს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს

მომიტინგეებისა და პოლიციის შეტაკება ბაშკირეთში, 2024 წლის 17 იანვარი
Newizv.ru

ბაშკირეთში 17 იანვარს დაკავებულ 6 მომიტინგეს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებული დენის სკვორცოვი ავრცელებს.

აქტივისტის თქმით მას და კიდევ 4 დაკავებულს სასამართლომ 10-დღიანი, ხოლო კიდევ ერთ მომიტინგეს 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ექვსივე მიტინგის ჩატარების წესის დარღვევისთვის დააპატიმრეს.

სასამართლოს ოფიციალურ საიტზე დაკავებულთათვის განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.


17 იანვარს, ბაშკირეთის ქალაქ ბაიმაკში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მომიტინგეები ადგილობრივი აქტივისტის, ფაილ ასლინოვის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. 

სასამართლოს შენობასთან 3000-დე მომიტინგე მივიდა. მომიტინგეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცავებმა ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს. შედეგად, დაშავებულია ერთი ადამიანი, დაკავებულია რამდენიმე პირი. პოლიციელები მომიტინგეებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, პოლიცია დაკავებული მომიტინგეების გამოშვების სანაცვლოდ აქციის დაშლას ითხოვს. აქციის მონაწილეები პოლიციას სასამართლოს შენობიდან პენიტენციურ დაწესებულებაში ასლინოვის გადაყვანის საშუალებას არ აძლევენ. 

ალსინოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბაშკირელი აქტივისტია. მისი ორგანიზაცია ბაშკირეთის სუვერენიტეტს ითხოვს. 2023 წლის აპრილში ერთ-ერთ აქციაზე გამოსვლისას მან თქვა ფრაზა "სომხები წავლენ სომხეთში, რუსები რაზიანში, თათრები თათარსტანში". ამ გამონათქვამის გამო პოლიციამ გამოძიება ეთნიკური სიძულვილის მუხლით დაიწყო.

15 იანვარს ალსინოვის მხარდამჭერი პირველი აქცია გაიმართა, რომელზეც 1000-დე ადამიანი მივიდა. 

"ჩვენ არ ვართ ექსტრემისტები და ნაცისტები, ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ითხოვს კონსტიტუციური უფლებების აღსრულებას. ჩვენ ვითხოვთ კანონის აღსრულებას. კანონი არ უნდა მოქმედებდეს მხოლოდ ერთი კაცის, ხავიროვის სასარგებლოდ. ვითხოვთ ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ხაბიროვის გადადგომას. ჩვენ ექსტრემისტები არ ვართ, ჩვენ ბაშკირეთის რესპუბლიკის მრავალეთნიკური ხალხი ვართ"! – განაცხადა 15 იანვრის აქციაზე ერთ-ერთმა აქტივისტმა.

17 იანვარს სასამართლომ ალსინოვს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქტივისტი ბრალს არ აღიარებს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

განაჩენის გამოტანის წინ პოლიცელებმა სასამართლოს შენობისკენ მიმავალი გზები ჩაკეტეს. ადგილობრივების თქმით ქალაქში ახშობენ ინტერნეტს. მედიების ცნობით დაბლოკილია რამდენიმე მსხვილი ბაშკირული Telegram-ის არხი. აქციაზე მყოფები სკანდირებენ "თავისუფლებას", ასევე ითხოვენ ბაშკირეთის ლიდერის, რადი ხაბიროვის გადადგომას.

რუსულ სამთავრობო მედიაში დაიწერა რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, ხამზა ხაზიფოვის შეფასება. მისი თქმით ალსინოვი "წლების წინ ვაჰაბისტებმა გადმოიბირეს, 7-8 წლის წინ მის გვერდით უკვე იყვნენ ექსტრემისტული ისლამური ორგანიზაციების წევრები".

ბაშკირეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით მომიტინგეების წინააღმდეგ მასიური არეულობის მუხლით საქმე აღიძრა.

კომენტარები